გერმანული Deutsche Bahn ევროპიდან საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით ტვირთებს ირანში გადაიტანს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ნოემბრის ბოლომდე გერმანული კომპანია 41-ვაგონიან სატესტო მატარებელს გაუშვებს მარშრუტზე სახელწოდებით “სამხრეთ-დასავლეთი“,- ამის შესახებ აზერბაიჯანის რკიბნიგზის პრესსპიკერმა განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება თეირანში მიიღეს, სადაც აზერბაიჯანის, ირანისა და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას შორის შედგა შეხვედრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა Deutsche Bahn-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრე ჰემელი.
„კონტინეტური მატარებელი რუმინეთის პორტი კონსტანცადან გავა და თეირანში 8 დღეში ჩავა. კონსტანცადან კონტეინერები საქართველოს პორტში ჩავა, იქიდან რკინიგზით მივა აზერბაიჯანში. ამის შემდეგ ტვირთები სატვირთო ავტომობილებით ირანში გაზვინის სადგურში ჩავა, რის შემდეგაც ისევ რკინიგზის მეშვეობით თეირანში შევა“,- განაცხადა მან.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების ფარგლებში ასევე განიხილეს „სამხრეთ დასავლეთ“ გზის განვითარების პერსპექტივები, მათ შორის ინდოეთიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ევროპაში და პირიქით ტვირთების გადატანის მექანიზმები.
„შეხვედრაზე აღნიშინა, რომ „სამხრეთ დასავლეთი“ კორიდორი ყველაზე მომგებიანი სატრანსპორტო გზაა ზემოთაღნიშნული მარშრუტისთვის“,- აცხადებს აზერბაიჯანის რკინიგზის წარმომადგენელი.