დღეიდან უპილოტო საჰაერო ხომალდებზე რეგულაციები ამოქმედდა. რეგულაცია ადგენს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ნორმებს და მისი მიზანია ფრენის უსაფრთხოების დაცვა საქართველოს საჰაერო სივრცეში.
წესის რეგულირების ქვეშ ექცევა სამოქალაქო ავიაციაში გამოყენებული უპილოტო საჰაერო ხომალდები.
რაც შეეხება აპარატებს, რომლებსაც რეგულირება არ ეხებათ, ასეთებია:
▶ უპილოტო საფრენი აპარატები რომელთა მასა ნაკლებია 250 გრამზე;
▶ სათამაშო უპილოტი საჰაერო ხომალდები (საფრენი აპარატი რომელიც შექმნილია ან განკუთვნილია ბავშვებისთვის სათამაშოდ, მისი ფრენის მაქსიმალური სიმაღლე არ აღემატება 30 მეტრს მიწის ზედაპირიდან, ხოლო პოტენციური ენერგია 79 ჯოულს);
▶ უპილოტი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია შენობაში (დახურულ სივრცეში).
ზოგადი მოთხოვნები:
- დაუშვებელია უპილოტო საჰაერო ხომალდის მართვა დაუდევრად, რათა საფრთხეში არ ჩავარდეს ადამიანების სიცოცხლე და მათი ქონება, ასევე საფრთხე არ შეექმნას სხვა საჰაერო ხომალდს;
- უპილოტო საჰაერო ხომალდის პილოტი უნდა მოერიდოს უპილოტო საჰაერო ხომალდის ფრენას იმ საჰაერო ხომალდის ზემოთ, ქვემოთ ან წინ, რომლის ბორტზეც იმყოფება პილოტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი იმყოფებიან უსაფრთხო მანძილზე და მხედველობაშია მიღებული საჰაერო ხომალდის კვალზე ტურბულენტობის გავლენა;
- აკრძალულია უპილოტო საჰაერო ხომალდით ადამიანის გადაყვანა;
- დაუშვებელია ერთდროულად რამდენიმე უპილოტო საჰაერო ხომალდის მართვა ერთი დისტანციური მართვის სადგურიდან;
- უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენებისას წარმოქმნილი ნებისმიერი მოვლენის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეიძლება დაემუქროს საჰაერო მოძრაობის, ასევე, პირების და ქონების უსაფრთხოებას, უპილოტო საჰაერო ხომალდის პილოტმა/ექსპლუატანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (საავიაციო მოვლენათა შეტყობინება);
- დაუშვებელია უპილოტო საჰაერო ხომალდით საქართველოს საზღვრის გადაკვეთა სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე;
- დაუშვებელია უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ღია ზღვის თავზე საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამისი ორგანოს თანხმობის გარეშე.
დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ღია კატეგორიაში არ საჭიროებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანხმობას.
იმ შემთხვევაში თუ დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდებით განსახორციელებელი საქმიანობა, სამუშაოების ტიპი, სერვისები და ა.შ. მოითხოვს ღია კატეგორიისთვის დადგენილი ექპლუატაციის ნორმებისგან განსხვავებულ პირობებს ხომალდი ექცევა სპეციფიკური კატეგორიის ქვეშ.
დაუშვებელია დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია სპეციფიკურ კატეგორიაში სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე. პირველადი თანხმობა ექსპლუატაციაზე გაიცემა 1 წლამდე ვადით, ხოლო ყოველი მომდევნო თანხმობა გაიცემა 2 წლამდე ვადით.
თუ უპილოტო საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა შეადგენს ან აღემატება 150 კგ-ს, ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ხდება მოქმედი უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ფლობა.
უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატი მოქმედია გაცემის თარიღიდან 24 თვის განმავლობაში.