Home
Category
TV Live Menu

"დღეს ამერიკა არ არის იმ სტადიაზე, რომ საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს"

57a424b846f4b
დავით ჯალაღონია
05.08.16 09:28
1542
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის განცხადებით, დღეს ამერიკის შეერთებული შტატები არ არის იმ სტადიაზე, რომ საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, - ასე უპასუხა გენადი არველაძემ "ბიზნესკონტრაქტის" კითხვას საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებების პერსპექტივებთან დაკავშირებით.

"ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს აშშ-სთან დღეს არ ვაწარმოებთ, მაგრამ აქტიურად ვართ ჩართული სავაჭრო საკითხებზე სხვადასხვა ექსპერტულ დონეზე და ასევე მაღალ დონეზე დიალოგის კუთხით. ჩვენ ძალიან კარგი ფორმატი გვაქვს შექმნილი შეერთებულ შტატებთან. ეს არის მაღალი დონის დიალოგი ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე. ასევე არის ქარტია, სადაც არის ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სამუშაო ჯგუფი და მსგავს ფორმატებში განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, რომელიც ფაქტიურად წინამოსამზადებელი პერიოდია იმისთვის, რომ ორივე მხარემ გააარკვიოს, რამდენად ახლოს ვართ ერთმანეთთან სხვადასხვა სფეროში ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კანონმდებლობის კუთხით, თუ სხვა მიმართულებით", - განაცხადა არველაძემ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თავის მხრივ, საქართველო მზადაა ამ საკითხზე სამუშაოდ.

"ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ რაც შეიძლება, მალე დავიწყოთ მოლაპარაკებები, მაგრამ ამას მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამერიკა ბოლო სამი წლის განმავლობაში არანაირ ორმხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ბოლო მოლაპარაკება, რომელიც ორმხრივად გამართა, ეს იყო სამხრეთ კორეასთან, რომელთანაც ეს პროცესი 2012 წელს დაასრულა. დღეს აშშ ევროკავშირთან არის მოლაპარაკებებში, რომელიც არის მრავალმხრივი ფორმატი, შესაბამისად, მათი დაკავებულობიდან და ევროკავშირთან ყოვლისმომცველი შეთანხმებიდან გამომდინარე, დღესდღეობით ამერიკა არ არის იმ სტადიაზე, რომ საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს და არა მხოლოდ საქართველოსთან, ზოგადად ასეთი მიდგომა აქვს ყველა ქვეყანასთან მიმართებაში, ანუ ჩვენ გამონაკლისი არ გახლავართ", - განმარტა არველაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day