Home
Category
TV Live Menu

"დიდი დიღომი-მარჯანიშვილის 14 კილომეტრიანი მარშრუტი, შესაძლოა ტრამვაისთვისაც იყოს გამოყენებული"

58d5350914ffe
BM.GE
25.03.17 10:00
1026
თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის (ADB), მომავალი ქალაქების პროგრამის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციას "ქალაქების განვითარების ინიციატივა აზიაში“ დაესწრო. ღონისძიებაზე, თბილისის ავტობუსების ქსელის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, კვლევის შედეგები წარადგინეს, რომლის საფუძველზეც ქალაქში არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შეფასდა და ავტობუსების ქსელის რეკონსტრუქციის ჩარჩო იქნა შემოთავაზებული - თემის დეტალებით "საქმიან კურსთან" თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საუბრობს.

- ბატონო ირაკლი, რამდენად მასშტაბურია აღნიშნული კვლევა და მოიცავს თუ არა ყველა იმ პრობლემას, რომელიც სატრანსპორტო კუთხით არის დედაქალაქში?

- ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში ძალიან აქტიური შეხვედრები გვქონდა აზიის განვითარების ბანკთან. წარმოდგენილი პროექტებიდან ზოგი ფინალური სახითაა მოცემული, ზოგიც შემდგომი განვითარების მიმართულებით თუ რას ვგეგმავთ იმ სტრატეგიის ფარგლებში, რომელსაც ურბანული მობილობის სტრატეგია 2015-2030 ჰქვია და სწორედ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით არის შექმნილი. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი გვქონდა. პირველი ის, რომ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით თბილისში დაახლოებით 5 სამარშუტო მიმართულება შეირჩა, საიდანაც ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე ოპტიმალური ავირჩიეთ - დიდი დიღომი-მარჯანიშვილის მიმართულებით, რომელიც 14 კილომეტრიანი მარშუტია და შესწავლილი იქნა შესაძლებლობები, როგორც ე.წ. ბიარტის, რასაც სპეციალური საავტობუსო ხაზის განვითარება ჰქვია, ასევე ტრამვაის მომავალი განვითარებისთვის. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი კვლევა მივიღეთ და ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ სპეციალური საავტობუსე ხაზი შეიქმნას, რომელიც ახალი ავტობუსების შემოსვლასთან ერთად, გადაადგილების სიმარტივეს გაზრდის ამ მონაკვეთში და ბევრად უფრო სწრაფი და კომფორტული იქნება.

- რა სამუშაოს ჩატარება მოესწრება 2017 წელს და რა საკითხები შეარჩია მერიამ პრიორიტეტულად?

- წარმოდგენილი შედეგის შემდეგ, ჩვენ დაგვჭირდება ამ მონაკვეთის პროექტირება იმ მონაკვეთებში, სადაც ამის მოწყობა შესაძლებელი იქნება და ჩვენ შევეცდებით, ინფრასტრუქტურა მიმდინარე წელსვე ისე მოვაწყოთ, რომ ამ მარშუტზე სპეციალური საავტობუსე ხაზი გაჩნდეს. მეორე ე.წ. Bus Lane შესაძლებელია მელიქიშვილის გამზირზე მოეწყოს. ეს მონაკვეთი საკმაოდ კარგად არის შესწავლილი და დღეს თუ ამ მონაკვეთში ავტობუსები კოსტავას ქუჩის გავლით მოძრაობენ და სამკუთხედს გვერდს უვლიან, შესაძლებელია პირდაპირ მელიქიშვილი გაიხსნას ავტობუსებისთვის, ამისთვის დამატებითი მანძილის გავლა საჭირო აღარ იქნება. ეს საკითხები სპეციალური საავტობუსე ხაზების ნაწილშია წარმოდგენილი და ჩვენ ბუნებრივია, ამას დავამუშავებთ და შემდგომ ქმედებებზე გადავალთ.

- ავტობუსების განრიგის განახლების ნაწილი რას გულისხმობს?

- ავტობუსების განრიგის განახლებაზე არ არის საუბარი, არამედ აქ საუბარია ავტობუსებისთვის სპეციალური სამარშუტო ხაზების შექმნაზე და გარკვეულ მონაკვეთებზე ე.წ. პრიორიტეტიზაციაზე, ანუ ავტობუსებისთვის სპეციალური ტექნოლოგიით შუქნიშანთან მიახლოების შედეგად მათთვის სპეციალურად მწვანე აინთება, რომ მათ შეფერხება არ ჰქონდეთ, როგორც ეს შესაძლოა სხვა საავტომობილო საშუალებებს ჰქონდეთ. ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ თბილისში უფრო სწრაფი გახდეს ავტობუსებით გადაადგილება. გარდა ამისა, ჩვენ საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი მივიღეთ, რომელიც თბილისში პარკირების ახალ სტრატეგიას გულისხმობს და პრინციპულ ცვლილებებს ეყრდნობა. ჩვენ უახლოეს დღეებში უკვე ფინალურ აღწერილობას მივიღებთ და საკრებულოს სპეციალურ კომისიაში გადავინაცვლებთ, სადაც ასეთი ტრანსპორტის საკითხების განხილვა ხდება.

- პარკირების ახალ სტრატეგიაში რა პრინციპული ცვლილებებია?

- განხილვების შედეგად ამაზე უფრო ღრმა მსჯელობა გვექნება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს თუ პარკირების ტარიფი უნიფიცირებულია და თბილისში ყველგან ერთი და იგივე პრინციპით ხდება პარკირება, ჩვენ შესაძლებლობებს განვიხილავთ, რომ დედაქალაქში შესაძლოა გეოგრაფიული ნიშნით ზონირება მოხდეს და საათობრივი ანაზღაურება გაკეთდეს რიგ უბნებში, სადაც პარკირება ძალიან გადატვირთულია. ტარიფი დიფერენცირებული და სამართლიანი იქნება. დღეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში ავტომობილის პარკირება 13 თეთრი ჯდება, ამიტომაც არის ყველა საპარკინგე ადგილი გადატვირთული. დიფერენცირებული მიდგომა თანამედროვე ქალაქების საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა და ვფიქრობთ, რომ ამ პრინციპზე ეტაპობრივად გადასვლა არის ის, რაც პარკირების მოწესრიგებას ხელს შეუწყობს თბილისში.

- ტრამვაის მიმართულებასთან დაკავშირებით კვლევაში რა წერია?

- 14 კილომეტრიანი მარშუტი, რომელიც დიდი დიღომი-მარჯანიშვილის მიმართულებას მოიცავს, შესაძლებელია ტრამვაისთვისაც იქნეს გამოყენებული. უკვე ორი მარშუტი ვიცით, სადაც შეიძლება ტრამვაი მომავალში გაკეთდეს. თუ ჩვენ შესაბამისი ფინანსური რესურსი გვექნება, მას შემდეგ, რაც ჩვენ ავტობუსების პარკის და მეტროს მოდერნიზაციის პროექტებს დავასრულებთ, რაც მინიმუმ 3-5 წლიანი პერსპექტივაა, ამის შემდეგ აქტიურად შეიძლება ვიფიქროთ სწორედ ამ 14 კილომეტრიანი ხაზის გამოყენებაზეც ტრამვაის განვითარების მიმართულებით. ბუნებრივია, ეს საკმაოდ მასშტაბური და ძვირადღირებული პროექტია, თუმცა მომავალში გრძელვადიან პერიოდში რა სტრატეგიითაც არის გათვალისწინებული, თუ ჩვენ ამაზე ვიფიქრებთ დონორების მხარდაჭერა აღნიშნულ საკითხზე იქნება.

ასევე ავსტრიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან პროექტი განვიხილეთ, რომელიც აზიის ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამაა. ჩვენ რამდენიმე ლოკაციას განვიხილავთ, სადაც შეიძლება პირველი პრეცენდენტი, პირველი კვლევა გაკეთდეს, სადაც შესაძლებელია მულტი სატრანპორტო ჰაბი გაკეთდეს, რაც სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობს, როგორიც არის მეტრო და ავტოსაგდურები.

Subscribe to our news

Get the main news of the day