Home
Category
TV Live Menu

"დიჯითალ ედსი" imovies.ge-სა და ITDC-ის მფლობელი ხდება, - Myvideo.ge-ს დამფუძნებელი წილების დათმობის მიზეზებს განმარტავს

5858f104716ac
ნინო კვინტრაძე
20.12.16 12:49
1570
კომპანია "დიჯითალ ედსი" Myvideo.ge-ს მფლობელი კომპანიის ITDC-ის 51%-ს და imovies-ge-ს 40% შეისყიდის. კომპანიების შეთავაზებაზე წილების დათმობასთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ თანხმობა უკვე გასცა. ITDC-ის წილების ნაწილი დათმეს მამუკა მონავარდისაშვილმა (19,4%), გიორგი გარსევანიშვილმა (19,4%) და გურამ ხუნდაძემ (12,2%), თუმცა ისინი კვლავ რჩებიან კომპანიის მეწილეები.

"დიჯითალ ედსი" imovies.ge-ს წილებს უკვე ფლობდა, ამჯერად კი პიზიკური პირის შოთა ჩლაიძის 40%-იანი წილის მფლობელიც გახდა.

როგორც ITDC-ის ერთ-ერთი მფლობელი მამუკა მონავარდისაშვილი "ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას განმარტავს, აღნიშნული ცვლილება კომპანიის გადახალისებას და სამომავლოდ გაყიდვების ზრდას ემსახურება.

"imovies.ge და Myvideo.ge რაღაც კუთხით კონკურენტები არიან და ალბათ ეს კონკურენცია რაღაც კუთხით თანამშრომლობასა და ერთიან პოლიტიკაში გადაიზრდება, ვფიქრობ ეს კომპანიისთვის კარგი იქნება. მსგავსი ღონისძიება ამ სეგმენტში მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ცვლილებებს ბაზარზე ალბათ გარკვეული დროის შემდეგ დავინახავთ", - განმარტავს მონავარდისაშვილი.

კომპანია "დიჯითალ ედსი" ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა და ის მომხმარებელს სხვადასხვა სერვისებთან ერთად ინტერნეტ რეკლამასაც სთავაზობს. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ შეასრულა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის საზღვარგარეთ განხორციელებული სარეკლამო კამპანია 2015-2016 წლებში. როგორც შესყიდვებისა და მონიტორინგის ცენტრი მაშინ აღნიშნავდა, შპს "დიჯითალ ედსთან“ ჯამში 7 მილიონზე მეტი ღირებულების კონტრაქტები უტენდეროდ გაფორმდა. კომპანიის მეწილეები საჯარო რეესტრის მონაცემებით, გივი გურასპაული, ნიკოლოზ გაბელია, ანდრო კიკნაძე, კონსტანტინე ჭავჭანიძე და ლევან ჭიორელი არიან.



Subscribe to our news

Get the main news of the day