Home
Category
TV Live Menu

დიმიტრი ქუმსიშვილი: "ჩვენი სავაჭრო და საგადასახდელო ბალანსი პოზიტიურია"

no photo
BM.GE
20.09.16 20:16
953

„ჩვენი სავაჭრო და საგადასახდელო ბალანსი პოზიტიურია“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 50 ახალი სასტუმროსა და გზებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე მოწვეულ ბიზნესმენებს განუცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც საგარეო ვაჭრობას ეხებოდა, იყო მინაწერი, რომ ეს ყველაფერი არის C ჰეპატიტის წამლებთან ერთად და C ჰეპატიტის წამლების გარეშე.

„ახლა მინდა დაგიკონკრეტოთ: ჩვენი 8 თვის სავაჭრო ბრუნვა ექსპორტის ნაწილში არის 11% -ით შემცირებული, თუმცა, იმპორტის ნაწილში არის შემცირებული ასევე 4%-ით. გამოქვეყნებულ მონაცემებში, თუ გახსოვთ, იყო 23%-იანი იმპორტის ზრდა, რაც არ შეესაბამება ვაჭრობის სინამდვილეს იმიტომ, რომ C ჰეპატიტის წამლებია დანარჩენი. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს გაუმჯობესებული სავაჭრო ბალანსი, მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობაში გვაქვს გაუმჯობესება სადღაც 25 მილიონი დოლარით. ამასთანავე, ძალიან კარგი ტენდენცია გვქონდა აგვისტოში. თქვენ იცით, რომ ფულადი გზავნილები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ქვეყანას ეხმარება საგადასახდელო ბალანსის ნაწილში და ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა 25%-იანი ზრდა“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ 140 მილიონიანი განსხვავებით ზრდა გვაქვს ტურიზმის მიმართულებითაც.

„ასე რომ საგადასახდელო ბალანსი არის პოზიტიური წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაციაა იმპორტიორებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც შემოაქვს გარედან რაღაც საქონელი და ჩვენს ქვეყანაში ყიდის“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გუშინ საქსტატმა 2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბრუნვამ 7426 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1312 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 10 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმპორტი 6114 მლნ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23 პროცენტით მეტია.

განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 4556 მლნ. აშშ დოლარს (4 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-აგვისტოში 4802 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1044 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day