მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას. მისი განცხადებით, სამომავლოდ მთავრობა გეგმავს ბიზნესის ამ მიმართულების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელებას.
„ყველა ის პროგრამა, რომლის იმპლემენტაციაც ჩვენ განვახორციელეთ, მიმართულია იქითკენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცეს განვითარების საშუალება, მათ ჰქონდეთ წვდომა როგორც ფინანსებთან, ისე ინფრასტრუქტურასთან და ტექნიკურ დახმარებასთან. ჩვენ ამ მიმართულებით მომავალშიც ძალიან აქტიურები ვიქნებით,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატება დამატებითი კომპონენტები, რაც მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი იქნება.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მთავრობის უმთავრესი ფუნქციაა პირობების შექმნა განვითარებისთვის და შესაძლებლობების მიცემა თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის კანონის საპარლამენტო განხილვისას.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი მიმართულია შეუქცევად წინსვლასა და განვითარებაზე. მისი თქმით, „2017 წლის ბიუჯეტის კანონი არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გარანტი და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში, რომელიც არის 1 წელი, არამედ საფუძველია ქვეყნის განვითარებისათვის.“
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს განვითარება დამოკიდებულია იმ ნაბიჯების თანმიმდევრობაზე, რომელსაც ჩვენ, ხელისუფლება და საზოგადოება, ერთად გადავდგამთ და მომავალი 4 წლის განმავლობაში მივიღებთ შედეგებს.
პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებში გამოხატული ნდობისთვის და აგრეთვე პარლამენტს, რომელმაც მცირე ხნის წინ დაამტკიცა საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი.
"ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად გადავლახოთ ის დაბრკოლებები, რომლებიც ჩვენს წინაშეა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.