"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიიღებენ მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას", - განაცხადა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თემის კომენტირებისას ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, საქართველოში დღეს კრიმინალის დონე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და საქართველო ევროპის "კეთილსინდისიერი პარტნიორია“.
"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ საქართველო კეთილსინდისიერი პარტნიორია. კრიმინალის დონე ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან დაბალი. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით საქართველო მსოფლიოში კრიმინალის დონის მიხედვით მეექვსე ადგილზეა. ერთ-ერთ დაბალი კრიმინალის დონე გვაქვს. რაც შეეხება ადგილზე არსებულ მდგომარეობას გერმანიაში - ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩაატარა, ჩვენმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ასევე პრემიერს ჰქონდა შეხვედრები საფრანგეთში ყოფნის დროს და რა თქმა უნდა ამაზე იყო საუბარი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიიღებენ მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანული მედიის ცნობით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესს მოქალაქეების კრიმინალური ისტორიები აფერხებს.