Home
Category
TV Live Menu

დიმიტრი ხუნდაძე: მოსახლეობის დაბერების ტემპით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ

57401b8688067
BM.GE
21.05.16 12:21
1279
მოსახლეობის დაბერების ტემპზე სახელმწიფო კონცეფცია იქმნება. თემაზე "საქმიან დილასთან" იდეის ინიციატორი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საუბრობს.
 
- ბატონო დიმიტრი, დადგენილება რას გულისხმობს და რას ნიშნავს ის, რომ საქართველოში დაბერება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტი დემოგრაფიული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე მუშაობს. ეს არის შობადობის სტაბილიზაცია, მიგრაციული უარყოფითი ტენდენციების შეჩერება და ასევე მნიშვნელოვანია დაბერების პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა, რომელსაც ჩვენ ოთხშაბათს პარლამენტს წარვუდგენთ.

ქვეყანაში ერის აქტიური დაბერების პროცესი მიმდინარეობს, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა იცვლება. უფრო გასაგები რომ იყოს სტატისტიკურ მონაცემებს მოვიყვან: 1950 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ბავშვთა რაოდენობა ხანდაზმულთა რაოდენობას 750 000-ით სჭარბობდა, 0-დან 15 წლის ასაკს ვგულისხმობ. დღეს ეს აბსოლუტურად პირიქით არის. ხანდაზმულთა რაოდენობა ბავშვების რაოდენობას 100 000-ით სჭარბობს. ეს დაბერების აქტიური პროცესია. სამწუხაროა, რომ ჩვენ მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ. პირველ ადგილზე იაპონიაა. ეს დემოგრაფიული გარდაქმნის გარდაუვალი რეალობაა. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ნეგატივი, ჩვენ ამ პროცესის შეჩერებაზე არ უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ საჭიროა სწორი პოლიტიკა. ერთი, რომ მოხუცებულთათვის უსაფრთხო გარემო შეიქმნას და ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ტიპის დემოგრაფიული, ეს იქნება სოციალურ-ეკონომიკური თუ საბიუჯეტო რისკები, მინიმალიზირებული იქნას. დღეს ხელისუფლებას ყველაზე მეტი პენსიის გაცემა უწევს, რაც აქამდე ყოფილა. ეს ორმა გარემოებამ განაპირობა. ერთი ის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაღალი შობადობა იყო და მაშინდელ დაბადებულ მოქალაქეებს ამ პერიოდისათვის საპენსიო ასაკი უსრულდებათ და ეს ტენდენცია მზარდია. 2030 წლისათვის ჩვენ ველოდებით, რომ პენსიონერთა რიცხვი მილიონამდე გაიზრდება. ვიმეორებ, რომ ეს ნეგატიური პროცესი არ არის, მაგრამ სწორი პოლიტიკის მართვაა საჭირო. სწორედ ამიტომ, ჩვენ გაეროსთან, არასამთავრობო სექტორთან, დემოგრაფიულ აღორძინების ფონდთან, ამერიკის განვითარების სააგენტოსთან ერთად პოლიტიკის დოკუმენტი შევიმუშავეთ. სახელმწიფოს ხანდაზმულთა მიმართებაში ახალ სტრატეგიას ვთავაზობთ.

- სტრატეგია უკვე შემუშავებულია?

- ჩვენ წინმსწრებით სამუშაო ჩავატარეთ და ოთხშაბათს პარლამენტში დადგენილების პროექტი იქნება განხილული, რომელიც ავალდებულებს მთავრობას, რომ ძირითად მიმართულებებზე შექმნას სამოქმედო ეროვნული გეგმა. სხვათა შორის ამას ჩვენ მადრიდის სამოქმედო გეგმა გვავალდებულებს, რომელსაც დაბერების პოლიტიკის მიმართულებით ჩვენ 2002 წლისათვის შევუერთდით. შესაბამისად, საერთაშორისო ვალდებულებებიც არის.

- რა გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა შემუშავდეს გეგმა?

- ოთხი ძირითადი მიმართულებაა. ერთი ის, რომ ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები მეტად ორიენტირებული უნდა იყოს ხანდაზმულთა საჭიროებებზე. ასევე მედპერსონალი უნდა გადამზადდეს, რომ მათი კვალიფიკაცია ამ მიმართულებით მაღალი იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულთათვის გადამზადების პროგრამები არსებობდეს. მათ საშუალება უნდა მივცეთ, რომ ახალ პროფესიას დაეუფლონ. შინა მეურნეობაში მათი აქტივობა უნდა გაიზარდოს და საზოგადოებაში მათი სრული ინტეგრაცია უნდა მოხდეს. გახსოვთ ალბათ ტერმინი მათ ჩარეცხილებიც კი უწოდეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ეს პატივი და ღირსებაა თითოეული ჩვენგანის და სახელმწიფოსი. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ ჩვენ ახალ სახელმწიფო პოლიტიკას ხანდაზმულთა მიმართებაში. ასევე მნიშვნელოვანია თაობათა ურთიერთობების დარეგულირება. ფსიქოლოგთა კვლევის ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან: ოჯახში, სადაც ხანდაზმულია, ბავშვის ფსიქო-ემოციური სტრუქტურა უფრო ჯანსაღი ყალიბდება. მითუმეტეს, რომ ჩვენ ტრადიციული ქვეყანა ვართ, თაობათა შორისო ურთიერთობა და ხანდაზმულთა პატივისცემა ჩვენში თითქოს უკვე გენეტიკურად დევს. ბოლო პერიოდში ეს მოირღვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day