დოლარის ფასი შემცირდა ძირითადი ვალუტების მიმართ. ევრომ ძალა მოიკრიბა გერმანული ექსპორტის წარჩინებული მაჩვენებლების ანგარიშის შემდეგ. ე.ი. ევროკავშირის ყველაზე ძლიერ ეკონომიკას კარგი მესამე კვარტალი აქვს. ამასთან ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც სტიმულირების პროგრამის შეზღუდვისკენ ნაბიჯების გადადგმა გვაუწყა. ეს ყველაფერი დადებითად აისახა ევროზე. ერთი ევროს ფასი უკვე დოლარსა და 18 ცენტს აჭარბებს. მოძლიერდა გირვანქა სტერლინგიც, თანაც ნახევარ ცენტზე მეტით. დღეს ერთი გირვანქა სტერლინგის ფასი დოლარსა და 32 ცენტს აჭარბებს, როცა გუშინ 31.5-ზე დაბლა იყო. ბრიტანეთში გამოსულმა ახალმა ანგარიშმა აჩვენა, რომ საწარმოო სექტორი პროგნოზირებულზე მეტად გაიზარდა აგვისტოში. მართალია, იმპორტ-ექსპორტის ბალანსი გაუარესდა და უფრო სუსტი გირვანქა სტერლინგი ექსპორტის ზრდას შეუწყობდა ხელს, მაგრამ დოლარის შესუსტებამ ადვილად დააძლევინა გირვანქა სტერლინგს მისი ფასი.
გუშინ დოლარის ზოგად დასუსტებაში წვლილი კი ყველაზე მეტად გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სენტიმენტს მიუძღვის. ფხენიანისგან კომუნისტური პარტიის დაფუძნების იუბილეზე პროვოკაციას მოელიან. დიპლომატია უარესდება ამერიკასა და თურქეთს შორისაც. ამ ორმა ქვეყანამ ერთმანეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეწყვიტა. არასტაბილურობის გამო დოლარის შესუსტებით ტრადიციულად თავშესაფარმა ვალუტებმაც იხეირეს, როგორიცაა იენი და შვეიცარული ფრანკი. დოლარი 112 იენამდე გაიაფდა. 100 დოლარის შესაძენად კი 97 ფრანკიც საკმარისია უკვე.