"ქვეყანაში დოლარიზაციის პროცესის შემცირებას, ფინანსური სტაბილურობა, მდგრადი ინფლაცია და სებ-ის მიმართ გაზრდილი ნდობა სჭირდება", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობაგვენეტაძემ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დედოლარიზაციის მიმართულებით აქტიური სამუშაოების გატარებაა საჭირო. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა ამ კუთხით სპეციალურ დოკუმენტზე მუშაობს სავალუტო ფონდიც.
"დოლარიზაციის გაზრდის პრობლემა ნამდვილად დგას და როდესაც მოგახსენეთ, რომ ქვეყანა შედარებით ნორმალურად გამოვიდა იმ შოკიდან, რომელიც 2015 წელს იყო, ამის ერთ-ერთი უარყოფითი შედეგი რომელიც დარჩა, ეს არის დოლარიზაციის გაზრდა ქვეყანაში. ამის მიხედვა აუცილებელია. არ უნდა გვქონდეს ისეთი წარმოდგენა, რომ დოლარიზაციის შემცირება ძალიან მალე შეიძლება მოხდეს, რადგან ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც ფინანსური სტაბილურობა, გარკვეული პერიოდი დაბალი და მდგრადი ინფლაცია და სებ-ის ნდობის კიდევ უფრო გაძლიერება სჭირდება.
ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას იმისას, რომ დოლარიზაცია შემცირდეს. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილებებს, ეს არის გარკვეულწილად ნაბიჯები იმისკენ, რომ ქვეყანაში ლარიზაცია გაიზრადოს. ჩვენ არ გვინდა პირდაპირი ბერკეტების გამოყენება და ირიბი მეთოდები არის იმისთვის, რომ ეს მიმართულება მივცეთ კომერციულ ბანკებსა და ფინანსურ აგენტებს ქვეყანაში.
ეს არ არის საკმარისი ლარიზაციის გაზრისდთვის. არის გარკვეული კომპონენტები ეროვნული ბანკის კომპეტენციის ქვეშ, გარკვეული - მთავრობის ქვეშ. ეს საკითხები სსფ-ის მისიასთან ჩვენი განხილვის ერთ-ერთი საგანიც არის. დაახლოებით ერთი თვის წინ გაიმართა შეხვედრა ჩემსა და ფინანსთა მინისტრს შორის, სადაც განვიხილეთ ეს საკითხიც. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ სავალუტო ფონდი მუშაობს დედოლარიზაციის დოკუმენტზე, სადაც სხვადასხვა მიმართულებები იქნება განხილული და ჩვენ ჩვენი მხრიდან კონტრიბუციას ვაკეთებთ იმისა, თუ რა გვაქვს განსაზღვრული.
გრძელვადიანი ლარის ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისა, რომ დედოლარიზაციას ხელი შევუწყოთ. ლარი უნდა იყოს მიმზიდველი და ლარში უნდა იყოს ხელმისაწვდომობა მოსახლეობისა და ეკონომიკური აგენტებისთვის, რომ აიღონ სესხები. ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ", - განაცხადა გვენეტაძემ.