Home
Category
TV Live Menu

"ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული წარმოება, რომელიც საქართველოში შეიქმნება, გათვლილი იყოს ექსპორტზე"

57ca6120537f3
BM.GE
03.09.16 09:32
1078
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა ამდენი სხვადასხვაგვარი ინსტრუმენტი საქმიანი, ინიციატივიანი ადამიანის დასახმარებლად, რომელსაც სურს, წამოიწყოს თუ გააფართოოს თავისი ბიზნესი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასოფლო-სამეურნეო დარგის მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებმაც სახელმწიფოს დახმარებით, ახალი საწარმოები შექმნეს და არსებული - გააფართოეს.

„ აქ წარმოდგენილები არიან დიდი და შედარებით მცირე საწარმოები. დიდი საწარმოების შემთხვევაში გვქონდა სპეციალური დახმარების პაკეტები, რომლებიც მორგებული იყო უფრო დიდ ინიციატივებზე. მცირე საწარმოების შემთხვევაში სახელმწიფომ შეიმუშავა სპეციალური ინსტრუმენტები, რომლითაც ისინი წახალისდნენ. დღეს, საწარმოს სიდიდეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, ხაზი გავუსვათ, რამხელა შესაძლებლობები არსებობს დღეს საქართველოში ინიციატივიანი, გამრჯე ადამიანისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, თვითონ გახდეს ბიზნესის მფლობელი, თვითონ უზრუნველყოს საკუთარი ცხოვრება, არ ეძებოს სამუშაო ადგილი სხვაგან, არ მიადგეს დასაქმების სათხოვნელად მთავრობას, არამედ თვითონ იფიქროს იმაზე, რომ სხვები დაასაქმოს. ეს არის ის ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია, რევოლუცია, რომელიც მთელი ჩვენი ერის აზროვნებაშია მოსახდენი და ეს არის ყველაზე სასიხარულო", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს იყო უმთავრესი მიზანი, რომელსაც მთავრობა მრავალი სახელმწიფო პროგრამის წამოწყებისას ისახავდა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სოფლის მეურნეობა სტრატეგიული დარგია; დღეს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჩაბმულია სოფლის მეურნეობაში და იმისთვის, რომ დარგი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, აწარმოოს იმ სტანდარტების, იმ ხარისხის პროდუქცია, რომელიც მოთხოვნადი იქნება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, საჭიროა გადაიარაღება და ახალი ტექნოლოგიები.

"საგარეო ბაზარი გვჭირდება იმიტომ, რომ 3,7 მილიონი მოსახლეობის ბაზარზე გათვლილი წარმოება ძალიან რთულია, იყოს კონკურენტუნარიანი იმ წარმოებებთან მიმართებაში, რომლებიც გათვლილია 50 ან 100-მილიონიანი მომხმარებლის ბაზარზე. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული წარმოება, რომელიც საქართველოში შეიქმნება, გათვლილი იყოს ექსპორტზე, რათა უფრო კონკურენტუნარიანი და წარმატებული იყოს", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, მნიშვნელოვანია გადაიარაღება, რომლის ორი აპრობირებული გზა არსებობს - მსხვილი ინვესტორების შემოყვანა, ამ გზით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების გაერთიანება და მაშსტაბური, ეფექტიანი საწარმოს შექმნა, რომელიც ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ხოლო, მეორეა - კოოპერაცია.

მთავრობის მეთაურმა შვეიცარიელი ინვესტორის დახმარებით შექმნილი "ბლაუენშტაინ საქართველოს", წარმატებულ მაგალითზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პრემიერი მიიჩნევს, რომ კოოპერაცია არის ყველაზე სწორი მოდელი, რომელიც საქართველოს სინამდვილეს ესადაგება.

"ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ვხედავთ ამდენ ადამიანს, რომელიც ახალი საწარმოს მფლობელია და ამ მფლობელობას არაფერი ემუქრება. ისინი გაცილებით ეფექტურ წარმოებაში არიან ჩართულნი, იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს. ვნახეთ პროდუქცია, რომელიც უმაღლესი გემოვნური თვისებებისაა, ეკოლოგიურად სუფთა და აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი ყველანაირ ბაზარზე. რაც შეეხება ევროპული სტანდარტების დანერგვას, ამასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, ისე, რომ არც ერთი ადგილობრივი ფერმერის ინტერესი არ დავაზიანოთ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ამ გადასვლის თანდათანობითი ხასიათი და დაგეხმაროთ ყველა თქვენგანს ამ პროცესში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების პროცესში ვიმყოფებით. 150 ახალი საწარმოს გარდა, სახელმწიფოს დახმარებით, 700-ზე მეტი საწარმო გაფართოვდა, განავითარა წარმოება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილების პროცესი და ეს მიმდინარეობს ისე, რომ ჩვენ არ გვაქვს ძალდატანებითი გამსხვილება, გვაქვს წახალისების მექანიზმებით, ნებაყოფლობითი კოოპერაცია, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოებას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ადგილობრივი მეურნეობების წახალისება, ქართული საწარმოო პოტენციალის შექმნა და საერთაშორისო მასშტაბის კონკურენტუნარიანობა მთავრობის პრიორიტეტად დარჩება, რათა სრულად წარმოჩინდეს ქვეყნის პოტენციალი და ამით გაბედნიერდეს თითოეული ოჯახი.

Subscribe to our news

Get the main news of the day