დედაქალაქს კიდევ ერთი ისტორიული შენობა შეუნარჩუნდება. თბილისის მერიის ცნობით, კრწანისის რაიონის გამგეობამ, კოტე აფხაზის №43-ში, მწვავედ ავარიული ორასი წლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო.
მერიის ცნობით, გამგეობის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, კაპიტალურად გამაგრდება სახლის საძირკველი, პირვანდელი სახით აღდგება ხის შუშაბანდი, რომელიც რესტავრაციის ჩასატარებლად შენობიდან მოიხსნა.
ასევე, განახლდება ეზოს თაღოვანი გალავანი. ძეგლის რეაბილიტაცია მომავალი წლისთვის დასრულდება.
ორსართულიანი ნაგებობა, რომელიც იმდროინდელი თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, 1800-იანი წლების I ნახევარს განეკუთვნება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, სახლის მობინადრეებთან ერთად გაეცნო.