რეგიონებიდან ადამიანების მიგრაცია საქართველოსთვის არახალი პრობლემაა, პრობლემა, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ. მოსახლეობა რეგიონებში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო სამსახურების ძიებაში დედაქალაქისკენ მოდის. თუმცა პანდემიამ განსაკუთრებით ახალგაზრდებს რეალობა სხვანაირად დაანახა. გაჩნდა ინტერესი რეგიონებში არსებული პოტენციალის ათვისების, რამაც მათ ნაწილს თავიან მხარეში დაბრუნების რეალური შანსები გაუჩინა. დღეს სწორედ ასეთ ახალგაზრდებზე უნდა მოგიყვეთ. ახალგაზრდებზე, რომლებიც რაჭაში დღის ეკონომიკის განვითარებას არ დასჯერდნენ და ღამის ეკონომიკას მოჰკიდეს ხელი. ამბროლაურში პირველი ბარი უკვე გაიხსნა, სადცა ახალგაზრდებს უქმე დღეებში და არამარტო ელექტრონული მუსიკის მოსმენისა და ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება ექნებათ.