“არ გამოვრიცხავ, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, საქართველო EBRD-ის ბაზრების ტოპ ხუთეულშიც მოხვდეს“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ „ანალიტიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. EBRD-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო ბიზნესისთვის მიმზიდველი ქვეყანა ხდება, თუმცა ქვეყანას აქვს გამოწვევები და საჭიროა სხვადასხვა სფეროში რეფორმის გატარება.
„თუ ერთ სულზე გადავიანგარიშებთ, გამოვა, რომ საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო ქვეყანაა, სადაც ერთ სულზე გადაანგარიშებით ინვესტიციის მოცულობა ძალიან მაღალია. ეს იმიტომ რომ ბიზნესგარემო უმჯობესდება; საქართველო ნამდვილად სულ მეტად მიმზიდველი ხდება ბიზნესის წარმოებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს გამოწვევები, არ არის საჭირო ახალი რეფორმების გატარება. ინვესტორთა საბჭო, რომელიც ჩვენი ინიციატივით დაარსდა, ცდილობს სწორედ ამ გამოწვევებზე ფოკუსირდეს. ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს უფრო მეტად უნდა მოუნდეთ საქართველოში ინვესტირება და ზუსტად ამაზე ვმუშაობთ.
დღეს ორი მთავარი გამოწვევაა, რასაც ბევრი ინვესტორი ადევნებს თვალს: პირველი -- სასამართლო რეფორმა. ფუნდამენტური საკითხია. განსაკუთრებით ბიზნესდავების კუთხით. თუ ეს პროცესი ძალიან იჭიმება, როგორც წესი, ინვესტორები თავს იკავებენ ასეთ ქვეყნებში ინვესტირებისგან. საქართველოს სჭირდება ამ მიმართულებით რეფორმის გააქტიურება და მთავარი ამოსავალი ამ შემთხვევაში უნდა იყოს სასამართლო სექტორის გამჭვირვალობა და არაკორუმპირებულობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორისთვის. და მეორე სფერო - ჩემი აზრით სოფლის მეურნეობის სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია. აგრობიზნესის განვითარებისთვის საჭიროა უცხოური ინვესტიციები. თუ შეხედავთ, აგროსფეროს პროდუქტიულობას, ის საკმაოდ დაბალია და ჩვენ გვინდა, რომ ის ავწიოთ ევროპულ სტანდარტამდე. ეს ყველაფერი კი საჭიროებს უცხოური ინვესტიციებისადმი თანმიმდევრული მიდგომის შემუშავებას.
სასამართლო რეფორმა და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები - ეს არის ორი მთავარი გამოწვევა დღეს, რასაც ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან“, - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.