„ვერავინ იტყვის, რომ ხელისუფლება ბიზნესის საქმიანობაში ერევა“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა ეკონომიკაა. როგორც ივანიშვილი აცხადებს, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. მისივე თქმით საქართველოს ეკონომიკა განვითარებული ქვეყნების რიგებში 2030 წლისთვის ჩადგება.
„განცდა აქვს ხელისუფლებას, რომ ლობირება გაუწიოს ნებისმიერი სახის ბიზნესს და ახერხებს როგორც შეუძლია.
არასდროს ყოფილა ამდენი ტელევიზია საქართველოში. ადამიანის უფლებების კუთხით კონკურენციაში შეგვიძლია შევიდეთ სხვა ევროპულ ქვეყნებთან.
დემოკრატიულ ინსტიტუტებზე არ მაქვს განცდა, რომ საუკეთესოა. ადამიანის უფლებები უნდა იყოს ყველაფრის სათავეში.
ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა ეკონომიკაა. დემოკრატიული ღირებულებები, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ ევროპის ქვეყნებსაც კი, - ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, დაახლოებით 6-ჯერ და უფრო მეტად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს. პრობლემა და ცდუნება დიდია, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას მივაბრალოთ, რომ მან ვერ შეძლო 3-4 წელიწადში გადაეტეხა ეს რობლემა, რაც შეუძლებელია, ამ დროში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა გაკეთდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.