საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებულ სესხების გალარების პროგრამას აფასებს. სააგენტო მიიჩნევს, რომ გალარება საკრედიტო დანაკარგების შემცირებით, საბანკო სექტორს რისკებს შეუმცირებს. აღნიშნული პროგრამის შესაძლო შედეგებზე ’’ბიზნეკონტრაქტთან“ EY Georgia-ს მმართველი პარტნიორი რუსლან ხოროშვილი საუბრობს.
- ბატონო რუსლან, სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის ანალიზს ეთანხმებით?
- ალბათ სასაცილოც იქნება, რომ მე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s დასკვნას არ დავეთანხმო, თუმცა აღნიშნული დასკვნა ამ ცვლილებების მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთ კომპონენტს, ერთ-ერთ შედეგს ეხება. კერძოდ, თუ რა შედეგი ექნება ამას საბანკო პორტფელის რისკიანობაზე. იგი, რა თქმა უნდა, ამ პორტფელის რისკოანობას შეამცირებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჰეჯირება მოხდება მომხმარებლების იმ რისკების, რომლებსაც შემოსავალი ლარში, ხოლო კრედიტი აშშ დოლარში აქვთ აღებული. აღსანიშნავია, რომ ამ რეფორმის მთავარი მიზანი ბანკების ბალანსის გაჯანსაღება არ არის, რომელიც პრინციპში ამ ეტაპზე რაღაც განსაკუთრებულ რისკებს არ ექვემდებარება. როგორც ჩანს, მთავრობის მიზანია აშშ დოლართან მიმართებაში ლარის დევალვაციის გაგრძელებას ხელი შეუშალოს. აღნიშნული პროგრამის ღონისძიებების ერთობლიობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
- როგორ ფიქრობთ, მომხმარებელზე როგორ აისახება მთელი ეს პროპცესი საბოლოო ჯამში, - მივიღებთ თუ არა გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს და შემცირებულ დაკრედიტებას?
- თავისთავად გასაგებია, რომ ლარში აღებული სესხი ბევრად უფრო მაღალი საპროცენტო ხარჯით ხასიათდება, ვიდრე დოლარში აღებული სესხი. პრინციპში ლარში დაკრედიტებაზე ხელმისაწვდომობა ბაზარზე ასე თუ ისე არსებობს. ის უფრო კარგი იყო, სანამ ლარის ვარდნა დაიწყებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსახლეობაც და ბიზნესიც ხშირად მაინც დოლარში დაკრედიტებას არჩევდა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი შეხედვით პროცენტი უფრო დაბალი იყო და უფრო დაბალი ხარჯების მოლოდინი ჰქონდათ.
ჩემი აზრით, ისეთი რეგულაციების შემოღება რთულია, რომელიც ამ ყველაფერს გამოასწორებს და დიდწილად დოლარიზებულ ეკონომიკას მყისიერად შეცვლის. ეს უფრო ევოლუციური პროცესია, რომელსაც უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკის განვითარება სჭირდება. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო სალდო უარყოფითია. როგორც ვიცი, შარშან დაახლოებით 5 მილიარდ დოლარზე მეტი იყო წლევანდელი მონაცემებით, უკვე 6 მილიარდზე მეტია, ანუ იმპორტი ექსპორტზე 6 მილიარდი აშშ დოლარით მეტია. შესაბამისად ეს განსხვავება რაღაცით უნდა შეივსოს. ჩვენი ეკონომიკა სუსტია, ფაქტიურად არაფერს ვაწარმოებთ, არც მომსახურებები გვაქვს მნიშვნელოვანი და ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, რთულია საუბარი იმაზე, რომ ბიზნესმა თუ ინდუსტრიამ ლარზე გადასვლა მოახერხოს.
- კომერციულ ბანკებსაც გრძელვადიანი იაფი ფულადი რესურსი აქვთ დოლარში და ეს მოკლევადიან პერიოდში გარკვეულ რყევებს არ გამოიწვევს?
- ვფიქრობ, რომ ის ღონისძიებები, რომელიც დასახელებული იყო თავისი მოცულობით ძალიან მასშტაბური არ არის. თუ არ ვცდები, Moody’s დაკსვნაში ეწერა, რომ ეს მხოლოდ სასესხო პორტფელის 5% შეეხება და აქაც კითხვის ნიშანი ჩნდება - რამდენად მოისურვებს მოსახლეობა, ანუ ფიზიკური პირები, რომ თავიანთი სესხები ლარში შეცვალონ. მათი ნაწილი ამას ალბათ აუცილებლად გააკეთებს და ნაწილი - არა, გამომდინარე იქიდან, რომ ბანკები დაკრედიტებას საკმაოდ კონსერვატიულად უდგებიან. ბევრი ადამიანი იფიქრებს იმაზე, უღირს თუ არა დოლარში აღებული სესხის შეცვლა. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა შეცვალონ, მაგრამ როგორც ვხედავთ, მომხმარებლის ქცევა დღემდე სხვანაირია. მათ ნაკლებპროცენტიანი სესხის აღება ერჩივნათ უცხოურ ვალუტაში. ბევრი ადამიანის შემოსავალი დოლარზე მიბმულია მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ხელფასი ლარში ქონდეს, მაგრამ ბიზნესიდან გამომდინარე, მაგალითად, უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული ადამიანების ხარჯებიც და შემოსავლებიც დოლარშია დენომინირებული, მათთვის სესხის აღება შეიძლება დოლარში უფრო კომფორტული იყოს.