ბიუჯეტის 2018 წლის საბოლოო ვერსიის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის განსაზღვრულია 229.6 მლნ ლარი.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდა ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულება.
აღნიშნულის გარდა გათვალისწინებულია შემდეგი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები, კერძოდ:
2017 წელს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს ემატება 106,0 მლნ ლარი, რომელიც მიიმართება სახელმწიფო საწარმოების კაპიტალში და მოხმარდება 2018 წელს დაგეგმილი მშენებლობების დაფინანსებას (ქუთაისის აეროპორის II ტერმინალის მშენებლობა, ბიზნეს სახლის მშენებლობა, მთის კურორტების ინფრასტრუქტურა), შესაბამისად 2018 წლის პროექტში სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს ბიუჯეტი შემცირებულია 108,0 მლნ ლარით;
2018 წელს განულებულია გაზიფიცირების სამუშაოებისთვის გათვალისწინებული 30,0 მლნ ლარი, თუმცა 2018 წელს გაზიფიცირების მიმართულებით განსახორციელებელი სამუშაოებისთვის 2017 წელს ენერგეტიკის სამინისტროს ემატება 50,0 მლნ ლარი, შესაბამისად პროექტის წინა ვარიანტში გაზიფიცირებისთვის გათვალისწინებული 30,0 მლნ ლარის ნაცვლად დაიხარჯება 50,0 მლნ ლარი.
2018 წელს დონორების მიერ დაფინანსებული ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის (განმახორციელებელი - სს „სახელმწიფო ელექტროსისტემა“) თანადაფინანსების მიზნით ენერგეტიკის სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტით გამოეყო 15,0 მლნ ლარი და შესაბამისად აღნიშნული თანხით მცირდება შესაბამისი პროგრამა.
2018 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი მომდევნო წელს 254 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო.