"ინდოეთის მხრიდან მაღალი მოთხოვნილებაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე", - ამის შესახებ "საქმის კურსთან" ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსი, მარიამ გაბუნია აცხადებს. როგორც ცნობილია, ქართულმა მხარემ ინდოეთთან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ წინასწარი კვლევა ჩატარდება.ხელმოწერილი ერთობლივი განაცხადის თანახმად, სწორედ ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. როგორც მარიამ გაბუნია ამბობს, აღნიშნული კვლევა რამდენიმე თვეში დასრულდება.
"ინდოეთი, როგორც ჩინეთი დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მეწარმეები თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შევიდნენ იდოეთის ბაზარზე და ჰქონდეთ შესაძლებლობა პროდუქცია გააცნონ ინდურ მხარეს. მაღალი მოთხოვნილებაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება აქედან მივაწოდოთ ეს პროდუქტი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით", - აცახდებს მარიამ გაბუნია.
შეთანხმების შემთხვევაში, ქართველი მწარმოებლები პროდუქციის გატანას ინდოეთის მილიარდ 200 მილიონიან ბაზარზე საბაჟო ტარიფების გარეშე შეძლებენ.