ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მცირდება - რა ელის ბიუჯეტს?
BM.GE
22.04.22 15:09
• 350
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე კვირაში გლობალური ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა და საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზიც შეამცირა - 5.7%-დან 3.2%-მდე. ოფიციალური 6%-იანი ზრდის პროგნოზის შეცვლას ჯერ არ ჩქარობს, მაგრამ ალბათ მალე მოუწევს საქართველოს მთავრობასაც. ჯერჯერობით განცხადების დონეზე მინიშნება მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. „იცით, რომ წელს ეკონომიკა 6%-იან ზრდაზე გვაქვს დაგეგმილი და ბუნებრივია, ასეთი ზრდა შეიძლება არ გვქონდეს და გარკვეული კორექტირება დაგვჭირდება", - თქვა ირაკლი კოვზანაძემ. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილები. ამასთან, კვირის დასაწყისში საქართველოს პრემიერმა ბევრი ისეთი ინიციატივაც დაასახელა, რის ხარჯებიც სახელმწიფო ბიუჯეტში ჯერ–ჯერობით არ ჩანს – მათ შორის, ყველაზე მსხვილი, განვადებით მშენებლობასთან დაკავშირებული ინიციატივა იყო. ჯერ–ჯერობით, რაზეც შეგვიძლია ყურადღების გამახვილება, ეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშია, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.