საქართველოს ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობა ოფიციალურად გაცხადებული წლიური 4%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვაზე არ ფიქრობს. ამის შესახებ ქუმსიშვილმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ეროვნული ბანკის აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, „2017 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მოსალოდნელზე მაღალ ზრდაზე მიუთითებენ, რაც იძლევა იმ პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ მოსალოდნელია, მშპ-ის ზრდამ 2017 წელს 4%–ს გადააჭარბოს“.
„წლის დასაწყისიდან 7 თვეში გვაქვს ეკონომიკის 4.4.%-იანი რეალური ზრდა. ჩვენ გვქონდა დაგეგმილი წლიური 4%-იანი ზრდა, მაგრამ ერთ-ერთ სცენარში დაგეგმილი იყო 4.5%-იანი ზრდა. თავად წლიური პროგნოზის გადახედვაზე ამ წუთში არ ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ პირველ რვა თვეში მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები 4%-ით ანუ 243 მლნ ლარიღ მეტია. ამავდროულად, ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, სადაც ასევე ძალიან კარგი შესრულება გვაქვს. აქედან გამომდინარე, გავყვებით იმ დაგეგმილ ხარჯებს, რომელიც გვქონდა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა კერძო სექტორია.
მისივე თქმით, მოცემულ პერიოდში ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა იქონია მოგების გადასახადის რეფორმამ, რის შედეგადაც ეკონომიკაში 240 მლნ ლარი დარჩა.