საქართველოში თურქეთის ელჩის ზეკი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, ინვესტიციების მოზიდვისთვის საქართველომ, პირველ რიგში, ინვესტორი კვალიფიციური კადრებით უნდა უზრუნველყოს.
როგორც ელჩმა "საქმის კურსთან" განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებასა და პოტენციურ ინვესტორებს შორის მუდმივი დიალოგი იყოს.
"საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, სად არის ხარვეზები და სად არა და ვხედავ, რომ ცდილობენ მდგომარეობის გაუმჯობესებას. ერთია, რომ საქართველომ უნდა წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები, მაგრამ არანაკლებ მნიშნელოვანია, თქვენ მოუსმინოთ და გაიაზროთ, რისი მიღება სურს თქვენგან უცხოურ ბიზნეს სექტორს. ეს დიალოგი ხელისუფლებასა და პოტენციურ ინვესტორს შორის უწყვეტი უნდა იყოს. ასევე გარდა ცნობადობისა, კიდევ ორ ასპექტზე გავამახვილებ ყურადღებას: საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და მიმაჩნია რომ ინფრასტრქტურის განვითარება ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ მე მხარს ვუჭერ თქვენი ხელისუფლების 4 პუნქტიან გეგმას, რომელშიც პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება. დამერწმუნეთ, ეს ნამდვილად არის მაღალი კლასის ინვესტორების მოზიდვის გარანტი. ასევე ძალიან მნიშნელოვანია, შრომის ბაზრის განვითარება. ინვესტიციები მომგებიანი უნდა იყოს საქართველოსთვის დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესების კუთხით, ხოლო ინვესტიციების მოზიდვისთვის თქვენ, პირველ რიგში, ინვესტორი კვალიფიციური კადრებით უნდა უზრუნველყოთ",- აცხადებს თურქეთის ელჩი საქართველოში.