ჩინეთში საქართველოს ელჩის დავით აფციაურის ინფორმაციით, ქართულ საჯარო სკოლებში შესაძლოა, ჩინური ენის სწავლება დაიწყოს. როგორც ელჩმა Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, ჩინური ენის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ჩინური ენის შესასწავლად პლატფორმა თუ მხოლოდ თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზა იყო, კონფუცის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, დღეს ამ მხრივ რეალობა იცვლება.
„დღეს უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ შეიძლება, რიგ საჯარო სკოლაში ჩინური ენის შესწავლა დაიწყონ. ასევე, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევით შევეცადეთ, ქართული ენისადმი ინტერესიც ჰქონდეთ ჩინელ პარტნიორებს. შესაბამისად, პირველად მოხდება უკვე ურთიერთგაცვლა პროფესორებისა და სტუდენტებისა, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში და ქართული ენის შესწავლას დაიწყებენ. ეს ბუნებრივი პროცესია. როგორც კი დაიწყება ეკონომიკური ინტერესის ზრდა, ურთიერთობების განვითარება და ტურისტული ნაკადების ურთიერთგაცვლის გაფართოება, ბუნებრივია, ამას უნდა მოჰყვეს მთავარი კომპონენტი - ჩინური ენა უნდა ვიცოდეთ, რომ გავუგოთ ერთმანეთს და ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ელჩმა.
ქართულ საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლების დღემდე არსებული პრაქტიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ Bm.ge დამატებით ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აზუსტებს.