2017 წლის 19 ივლისიდან ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი წესი ძალაში შევიდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით, ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი წესით, ერთი მხრივ, აღსრულდა კანონისმიერი მოთხოვნა, ხოლო, მეორე მხრივ, დეტალურად და მკაფიოდ ჩამოყალიბდა ელექტრონული ტენდერის მარეგულირებელი ნორმები.
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი წესი შედგება 6 თავისგან, 40 მუხლისგან და 3 დანართისგან. მისი ამგვარი სტრუქტურა უზრუნველყოფს ნორმების განაწილებას ქრონოლოგიურად და მარტივს ხდის ტენდერის ამა თუ იმ ეტაპის აღქმის შესაძლებლობას. სახელდობრ, ცვლილებები შეეხო შემდეგ საკითხებს: განისაზღვრა ელექტრონული ტენდერის ჩატარების პრინციპები, დაიხვეწა ტერმინოლოგია, დეტალურად გაიწერა სატენდერო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, პრეტენდენტისადმი მოთხოვნების დადგენის წესი, პრეტენდენტთა შეფასებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის პროცედურები, გასწორდა აფიდავიტის პირობები და ისინი დაუკავშირდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენას. ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი წესით დაცულია ბალანსი შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლების უფლებებსა და ინტერესებს შორის“, - განმარტავენ შესყიდვების სააგენტოში.