Home
Category
TV Live Menu

ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალი რეზიდენტურაში სწავლის მსურველებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს

586259c43f1bb
BM.GE
27.12.16 16:05
1281
ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალი რეზიდენტურაში სწავლის მსურველებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს,- თემაზე ’’საქმიან დილასთან“ ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი გვანცა საღარაძე საუბრობს.

- ქალბატონო გვანცა, აღნიშნული კონკურსის გამოცხადება რას უკავშირდება და ზოგადად ჰოსპიტალის მხრიდან ასეთი შეთავაზების გაკეთება რამდენად არის ჩვეული პრაქტიკა?

- ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალი 2014 წლის აპრილში გაიხსნა. ჩვენ პაციენტებს სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრს ვთავაზობთ, რაც იმას გულისხმობს, რომ ბევრი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანი გვყავს დასაქმებული, როგორც სამედიცინო სამსახურში, ასევე ადმინისტრაციული კუთხით. დღეისათვის დასაქმებულთა რაოდენობა 240 ადამიანს შეადგენს და ჩვენ მუდმივად კვალიფიციური კადრების მოძიებას ვცდილობთ, რაც საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან ჩვენ ISO სერთიფიკატის მფლობელები ვართ, რომლის მიხედვითაც გაწერილი პროცედურები გვავალდებულებს, რომ ჩვენი კადრების პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად ვიზრუნოთ, რადგან სწორედ ხარისხი არის ის გარანტი, რომელიც მომხმარებლის კეთილგანწყობას განაპირობებს. ჩვენი ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან წამალაიძე ერთი წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მეიოს კლინიკაში გაემგზავრა, სადაც ლაპარასკოპიული ქირურგიის უახლეს მეთოდებს ეუფლება. იგი 2017 წელს დაბრუნდება საქართველოში და მიღებული პრაქტიკის განხორციელებას სწორედ ჩვენს ჰოსპიტალში შეუდგება. გარდა ამისა, უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამის მაგალითად იმ ფაქტის მოყვანა შეიძლება, რომ გერმანიაში მოღვაწე კარდიოქირურგიები ჩვენთან რეგულარულად ჩამოდიან და სხვადასხვა ტიპის სირთულის კარდიო ქირურგიულ ოპერაციებს ქართველ კოლეგებთან ერთად ადგილზე აკეთებენ. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიული კადრების შერჩევას და შემდეგ მათ პროფესიონალურ გადამზადებაზე ზრუნვას.

- როგორია რეზიდენტურაში სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის წესები, გაგვაცანით პირობები...

- 2015 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ელიზაბეტ ბლექველის სახელობის სტიპენდია დაარსდა და წარჩინებულ სტუდენტებს კონკრეტული თანხა ყოველთვიურად გადაეცემოდათ. ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ აქცენტი დიპლომის შემდეგ განათლებაზე გაგვეკეთებინა, რადგან ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიზიარებთ და გვინდა, მომავალი თაობების განვითარებასა და სწავლა-განათლებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აღნიშნული კონკურსის გამოცხადება. ეს არის კონკურსი რეზიდენტურაში სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად. მიმდინარე წლის 8 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები უკვე ჩატარდა, სადაც 1049 მონაწილე იყო დარეგისტრირებული. ეს სტუდენტები ახლა იღებენ გადაწყვეტილებას თუ რომელი პროფესია აირჩიონ, რას დაეუფლონ და რეზიდენტურა ამ მიმართულებით უნდა გაიარონ. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ ისინი წაგვეხალისებინა და გამარჯვებულ კონკურსანტებს, რომლებიც შემდეგ პროფესიებს აირჩევენ, ესენია: ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, გადაუდებელი მედიცინა, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია - ჩვენ სწავლის თანხას სრულად დავუფინანსებთ.

- რა კრიტერიუმებით, როგორ მოხდება კანდიდატების შერჩევა და რეგისტრაციის გავლა, როდემდეა შესაძლებელი?

- რეგისტრაციის გავლა იანვრის ბოლომდეა შესაძლებელი. დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ჩვენთან უნდა წარადგინონ ო. ჩხეიძის N14-ში, ან ჩვენივე ფოსტის მისამართზე გადმოაგზავნონ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უმაღლესი სამედიცინო განათლება, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა.

რამდენი კანდიდატის დაფინანსება იგეგმება და რომელ უნივერსიტეტებში?

-საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან ჩვენთვის უნივერსიტეტს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ თანხას სრულად დავაფინანსებთ და თითო სპეციალობაში თითო კანდიდატს ავარჩევთ. გადაწყვეტილების მიღება გასაუბრების საფუძველზე მოხდება. მათ სწავლის საფასურის გადახდაზე ზრუნვა აღარ მოუწევთ, მთავარი იქნება მხოლოდ ისწავლონ.

- თქვენს ჰოსპიტალში პარალელურად პრაქტიკის მიღების საშუალება თუ ექნებათ?

- მათ აუცილებლად ექნებათ შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ მითითებულ სპეციალობაში ჩვენთან იმუშაონ და სწავლის დასრულების შემდეგ ჩვენ, რა თქმა უნდა, საშუალებას მივცემთ, რომ თავიანთი სამუშაო პრაქტიკა ჩვენთან დაიწყონ.

- 2017 წლისთვის განსაზღვრულ გეგმებზე რას გვეტყვით და მიმდინარე წელს როგორ ასრულებთ?

- 2016 წლით საკმაოდ კმაყოფილები ვართ. მომავალ წელს ბევრ საინტერესო სიახლეს ვგეგმავთ. მედიცინის მუშაკებისთვის ბევრი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი. ბევრი ადგილობრივი სამედიცინო კონფერენცია და მასტერკლასი ჩატარდება, თქვენ კი შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ.

Subscribe to our news

Get the main news of the day