Home
Category
TV Live Menu

"ენერგეტიკის ბაზარი კონკურენტული არაა, ფასი სემეკის მიერ მკაცრად რეგულირებადია და გამჭვირვალე არ არის"

57b01941ba442
BM.GE
14.08.16 11:07
1032
„ენერგეტიკის მართვის სისტემა ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობა ძირითადად სახელმწიფოს მიერ ხდება ან სახელმწიფოს გარანტიებით, რაც არაეფექტურია და მთლიანობაში ბიუჯეტს ტვირთად აწვება. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომაც გრძელდება ისეთი ხელმოწერებისა და მემორანდუმების გაფორმება, რომელიც გამჭვირვალობისა და ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება“-მსგავსი შინაარსის განცხადება არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაავრცელეს. მათივე განმარტებით, არსებითი პრაქტიკის გაგრძელება ასოცირების მთელ პროცესს საფრთხის ქვეშ დააყენებს, - თემაზე “ბიზნესკონტრაქტთან“ USAID-ის პროექტების ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი საუბრობს.

- ბატონო გიორგი, რა ძირეული ნაკლოვანებები და ხარვეზები ფიქსირდება?

- აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს უჭერს, რომ საქართველოში ჰიდროელექტროენერგეტიკაში ინვესტიციები შემოვიდეს და ეს ოპტიმალურად იქნეს ათვისებული. პირველი კითხვა რაც ინვესტორებს უჩნდებათ, არის ის თუ სად მოხდება და რა ფასად ამ ელექტროენერგიის გაყიდვა. ამჟამად ჩვენთან ბაზარი კონკურენტული არ არის, ფასი გამჭვირვალე არ არის და სემეკის მიერ მკაცრად რეგულირებადია, ძალიან რთულია ინვესტორების დარწმუნება. შესაბამისად, როდესაც სხვა ალტერნატივა არ არის, ისინი ამ გრძელვადიან ხელშეკრულებებს ითხოვენ.

2013 წელს ენერგეტიკის სამინისტროდან USAID-თან მემორანდუმი გაფორმდა, სადაც მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ახალი სისტემა დაინერგოს, რომელსაც საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მოდელი ჰქვია.

- აღნიშნული რა შედეგს მოიტანს?

-ეს ევროპაში და განვითარებულ ქვეყნებში ადაპტირებული მოდელია. რეალურად ბაზრის სტრუქტურას ვცვლით. ჩვენი ბაზარი რეგულირებადი აღარ იქნება და იმ სფეროებში, სადაც შესაძლოა კონკურენცია იყოს, მაგალითად ეს არის გენერაცია და ელექტროენერგიის მიწოდება, ბაზრის ნაწილობრივი დერეგულირება მოხდება.

- მთავრობის და ენერგეტიკის სამინისტროს მზაობა რამდენად არის?

- ჩვენ ძირეული ცვლილებები გავაკეთეთ, რამდენიმე წელი გვაქვს დარჩენილი, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ და შემდეგ უკვე გვექნება ის ბაზარი, სადაც ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები შემოვლენ და დაინახავენ, რომ ფასი კონკურენტულად ყალიბდება. ევროპაში, იგივე თურქეთში, რუსეთშიც 20%-ით დაიწყეს, ამის სიმულაცია ხდება და ბაზარი ნელ-ნელა იხსნებოდა. ჩვენი გეგმაა თავიდან 15-20%-ით გაიხსნას და ბაზრის ამ 20%-ზე თავისუფალი ვაჭრობა მოხდეს, ასე ვთქვათ მცურავი ფასი იყოს ისევე, როგორც ვალუტის გაცვლის არის. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ მოსახლეობას რეგულირებადი ტარიფი ჰქონდეს.

- სახელმწიფოს ამ ყველაფრის რესურსი რამდენად აქვს?

-ადვილი არ არის, საკმაოდ რთული პროცესია. სხვა ქვეყნებს 5-10-15 წელი დასჭირდათ. ჩვენ პატარა ქვეყანას წარმოვადგენთ და შესაბამისად ჩვენთან ამის გაკეთება უფრო მარტივად არის შესაძლებელი, ნანახი გვაქვს სხვა ქვეყნების მაგალითი. თურქეთში მტკივნეულად განხორციელდა ეს პროცესები. რეალურად ამ ყველაფერს სახელმწიფოს მზაობის გარდა, რა თქმა უნდა, მატერიალური რესურსი, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სჭირდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day