ენერგეტიკის მინისტრი ხანდოს ხეობაში მოსახლეობასთან შეხვედრას დღეს გეგმავს. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქსანი-სტეფანწმინდას 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის დეტალებზე ადგილობრივებს ის გერმანელი სპეციალისტებიც გაესაუბრებიან, რომლებმაც ხაზი დააპროექტეს.
“ჩვენ გერმანული კომპანია ჩამოგვყავს, ვინც ელექტროგადამცემი ხაზები დააპროექტა. ასევე ყველა კითხვაზე, რაც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას - ეს იყო გეოლოგიურ კვლევებთან, ასევე მისასვლელ გზებთან დაკავშირებით, პასუხი იქნება გაცემული. სამი წერტილი არის, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის თქმით რთულია და შესაბამისად, იქ სამუშაოები შეჩერებული გვაქვს. დანარჩენ ადგილებში ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამუშაოები და მინდა დავარწმუნო ყველა, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იქნება საერთაშორისო და მსოფლიო სტანდარტებით“, - განაცხადა კალაძემ.