ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი სამომხმარებლო ტარიფის ზრდის წინაპირობას ვერ ხედავს. როგორც ვალიშვილმა "ბიზნესკონტრაქტს" განუმარტა, დღეს მოქმედ ტარიფში სავალუტო კურსის რყევები უკვე გათვალისწინებულია.
"დღეს ჩვენ ასეთი დელტა ნამდვილად არ გვაქვს და იმის წინაპირობა არ არსებობს, რომ ამან ტარიფზე იმოქმედოს. პირიქით, იმპორტის ფასი შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო შევამცირეთ, ანუ აზერბაიჯათან მოლაპარაკებები მაგ კუთხით წარმატებული იყო - კიდევ უფრო შემცირდა ბუნებრივი აირის ფასი. არც იმპორტზე დამოკიდებულებაა ძალიან მაღალი, რადგან ახალი თბოსადგურები ჩაირთო, ქარის ენერგია დაგვემატა და ა.შ", - განაცხადა ვალიშვილმა და დასძინა, რომ "გრანდიოზული ცვლილებები იმისთვის, რომ ტარიფის კორექტირება მოხდეს, არ არსებობს".
"არის საინვესტიციო პორტფელები, რომელიც ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, მაგრამ დღევანდელი ტარიფის დონე უზრუნველყოფს იმას, რომ მიმდინარე პროექტები მოიცვას", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, "თელასმა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ სამომხმარებლო, განაწილებისა და გატარების ტარიფების გადასათვლელად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გეგმიური განაცხადით მიმართეს. ადმინისტრაციულო წარმოება „თელასთან“ ერთად, სემეკმა „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენისა და „მტკვარი ენერჯის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის განსაზღვრის მიზნით დაიწყო.