ენერგეტიკის სამინისტრო სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის პროექტს შეაფასებს. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, რომელიც ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ორგანიზებით გამართულ კონფერენციას ესწრებოდა. ღონისძიების თემა საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების ხელშეწყობა იყო, რაც ენერგოეფექტურობის მიმართულებასაც მოიცავს.
“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გვეხმარება, რომლის დაფინანსებით კონსულტანტი დავიქირავეთ. მან სამოქმედო გეგმა მოამზადა, რომლის საბოლოო ვარიანტის განხილვა ხვალისთვის იგეგმება. ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს საშუალება, თავისი შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინოს. შემდეგ ეს დოკუმენტი მთავრობას შემდგომი კონსულტაციებისა და დამტკიცების მიზნით გადაეგზავნება“, - განაცხადა ვალიშვილმა.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რომელი ორგანიზაცია წარმართავს ენერგოეფექტურ პროექტებს და მათ დასაფინანსებლად თანხებს მოიძიებს, ამის შესახებ მთავრობაში გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„შეიძლება, სრულიად დამოუკიდებელი ინსტიტუცია შეიქმნას სსიპ-ის, სააგენტოს სახით, რომელიც ორიენტირებული იქნება ასეთი ტიპის პროექტებში მხარდაჭერისთვის კერძო სექტორთან ერთად. ჯერ ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი“, - აღნიშნა ვალიშვილმა.
ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანება საქართველოს სამოქმედო გეგმას, განახლებადი ენერგიების წყაროების ათვისების კუთხითაც სთავაზობს. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ამ გეგმის მოსამზადებლად დონორის მოძიება მიმდინარეობს.