ენერგეტიკის სამინისტრომ ინვესტორებთან სამუშაოდ შესაძლოა, ახალი სტრუქტურული ერთეული შექმნას. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ახალი მიმარულება სამინისტროს შემადგენლობაში დეპარტამენტის, სააგენტოს ან სხვა უწყების სახით იმუშავებს, რაზეც ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამ შემთხვევაში საუბარია სტრუქტურაზე, რომელიც განახლებადი ენერგიების წყაროებთან დაკავშირებულ პროექტებზე ინვესტორებთან სავარაუდოდ, ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს.
"ინვესტორებიპროექტებთან მიმართებაში ცდილობენ, რომ მთავრობის, საჯარო უწყებების მხრიდან იყოს ერთი ორგანო, რომელიც მაკოორდინირებელი იქნება იმ პოლიტიკისა, რომელიც განახლებადი ენერგიების მიმართულებით არის. მათ შორის არის ავტორიზაციის, სერტიფიკაციის, პროექტების მოწონების და სხვა მიმართულებები, რომელიც ფუნქციურად ახალი იქნება და ვფიქრობ, რომ ეს სააგენტოს სახით ჩამოყალიბდება, სსიპ-ის, საქვეუწყებო ინსტიტუტის, თუ სამინისტროს დეპარტამენტის, ეს მსჯელობის საგანია. პრაქტიკა ასეთია - არის სააგენტო, რომელსაც შეუძლია, დონორებისგან ფინანსური რესურსების მობილიზაცია და ასევე, საწევროების შენატანების სისტემაც მოქმედებს. ახალი ინსტიტუციური მოწყობის შესაქმნელად მოსამზადბელ სამუშაოებზე საუბარი ჯერჯეობით ნაადრევია, რადგან ეს კონცეპტუალურად ახალი მიმართულება იქნება“, - განაცხადა ვალიშვილმა და დასძინა, რომ ახალი უწყების შექმნას წინ უნდა უსწრებდეს კანონის შექმნა განახლებადი ენერგიების წყაროების შესახებ.
აღნიშნულ კანონზე მუშაობა სავარაუდოდ, ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ დაიწყება.