Home
Category
TV Live Menu

"ენერგო-პრო ჯორჯია": ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას ველოდებით

5a3bbfdc18800
დავით ჯალაღონია
21.12.17 18:05
1098
„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდას ელოდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ გივი ჯღარკავამ განუცხადა.

„ჩემი გადმოსახედით, შესაძლოა სუბიექტური მოსაზრება იყოს, მაგრამ ვინაიდან ჩვენ გვიძვირდება საინვესტიციო ვალებულებები, შესაბამისად, გარკვეულ ზრდასთან იქნება ეს დაკავშირებული, მაგრამ ბევრი კომპონენტისგან შედგება ტარიფი და რომელიმე მათგანში შესაძლოა, ეკონომია მოხდეს, თუმცა მცირედი ზრდა უნდა იყოს მოსალოდნელი, შეიძლება, საგრძნობიც იყოს“, - განაცხადა ჯღარკავამ.

მისივე თქმით, კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით ხარჯები გაეზარდა.

„სამწუხაროდ, საქართველოს ენერგეტიკის სექტორიდან ინვესტიციების ძირითადი ნაწილი უცხოეთში გაედინება, ვინაიდან ძირითადი კომპონენტები, რაც ყველაზე ძვირია, უცხოეთიდან შემოდის და ჩვენ გვიწევს მათი ევროკავშირის ქვეყნებში შესყიდვა. აქვე იგულისხმება ისიც, რომ ჩვენი შემოსავალი ლარშია, ინვესტირება კი ევროში, ან დოლარში გიწევს. შესაბამისად, გაცვლითი კურსი პირდაპირ გავლენას ახდენს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებაზე“, - განმარტავს კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე.

რაც შეეხება სემეკის სატარიფო მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვით, ელექტროენერგეტიკის სექტორში, გარდა თბოელექტროსადგურებისა, ყველა კომპანიისთვის ტარიფები სამწლიანი ვადით დაანგარიშდება, გივი ჯღარკავას აზრით, ეს სისტემა უფრო პროგნოზირებადს ხდის გარემოს, თუმცა ლარის გაცვლითი კურსის ცვალებადობა მაინც პრობლემებს ქმნის ინვესტორებისთვის.

„ეს არის ის არასტაბილური გარემო, რომლის გათვალისწინებაც უჭირთ ინვესტორებს. თუმცა იქ არსებობს ბერკეტები, რომ ტარიფის მკვეთრი მატების შემთხვევაში ტარიფი არა სამწლიან, არამედ უფრო ადრეულ პერიოდში გადაიხედოს“, - აღნიშნავს გივი ჯღარკავა.

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 26 დეკემბერს დაამტკიცებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day