"თბილისის წინაშე ამოცანა დგას, რომ ის ტექნოლოგიები, რომლითაც დღეს თბილისის გარე განათების უზრუნველყოფა ხდება, ბევრად უფრო ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით შეიცვალოს“, - განაცხადა საქმიან დილასთან საუბრისას თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ. მისი თქმით ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება თბილისის რამდენიმე ქუჩაზე უკვე ხდება და ელექტროენერგიის დანახარჯების დანაზოგის მაჩვენებელი დაახლოებით 55%-დან 65%-მდეა.
„მე ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ეს უალტერნატივო გზაა, უბრალოდ ჩვენ ახლა კონსულტანტებთან ერთად ვფიქრობთ და ვაზუსტებთ ამ მიმართულებით რა უფრო სწორი მოდელი იქნება, ეს გზა უალტერნატივოა და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ.
რამდენიმე დღის წინ ჩვენ ერთ-ერთ საფინანსო ინსტიტუტთან გვქონდა შეხვედრა, ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და გარკვეული შეფასების გაკეთებაზე ჩამოვყალიბდით თუ რომელი მოდელი იქნება უფრო ეფექტური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 2-3 თვიანი პერიოდი დაჭირდება ამ ნაწილის შეფასების გაკეთებას. ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა ინტერესთა გამოხატვა გაკეთებული, სადაც საკმაოდ ბევრმა სოლიდურმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და ინტერესი გამოხატა თბილისში მსგავსი ტიპის პროექტის განხორციელებაზე. ჩვენი მოლოდინით, მომავალი წელი ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც ჩვენ შევძლებთ, რომ პოტენციურ ინვესტორებს გარკვეული წინადადებები შევთავაზოთ“, - განაცხადა ლექვინაძემ.