Home
Category
TV Live Menu

ენერგოომბუდსმენისთვის წარდგენილი საჩივრების რაოდენობის მხრივ გასულ წელს წყალმომარაგების სექტორი ლიდერობდა

58f0b6a28fcee
BM.GE
14.04.17 16:00
957
ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა 2016 წლის ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა.  მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობის მხრივ წყალმომარაგების სექტორი ლიდერობდა. ვინაიდან 2016 წლის განმავლობაში მომხმარებლები იღებდნენ არასათანადო მომსახურებას, რაც გამოიხატებოდა მომსახურების ხშირი შეწყვეტით, დაგეგმილი და გადაუდებელი სამუშაოების გაჭიანურებით, და წნევის პრობლემებით. რეგიონებში კვლავ მწვავედ იდგა უხარისხო სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალმომარაგების გრაფიკის საკითხები.

ელექტრორენერგეტიკის სფეროში პრობლემად დარჩა მომხმარებლების ბარათებზე ასახული ხანდაზმული ვალები, აგრეთვე უსაფუძვლოდ განხორციელებული დარიცხვები, რომელიც საერთო ბარათებიდან გადატანილ თანხებს და სადარბაზოს განათებების, ლიფტთისთვის მოხმარებული ელ.ენერგიის დავალიანების ინდივიდუალურ ბარათზე გადატანას უკავშირდებოდა.

გაიზარდა საჩივრების რაოდენობა ე.წ. ,,საფეხურებრივი ტარიფების“ არასწორი გამოყენების შესახებ. რეგიონებში კვლავ აქტუალურია ელექტროენერგიის არასათანადო ძაბვით მიწოდების საკითები, მოძველებული ელექტრო-სადენები, განათების ბოძები, მომსახურების დაბალი ხარისხი, ხშირია საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანების ფაქტები.

მომხმარებელთა საჩივრების დეტალებზე ენერგოომბუდსმენი „საქმის კურსის“ ეთერში საუბრობს.

- ქალბატონო სალომე, გასულ წელს ენერგოომბუდსმენის ინსტიტუტში სულ რამდენი განაცხადი შემოვიდა, რამდენი დაკმაყოფილდა და ზოგადად როგორია მიმართვიანობა?

- მიმართვიანობა მართლაც რომ მზარდია და რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს, რადგან 4900 განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირდა, რაც არასოდეს, არცერთი წლის მონაცემით არ ყოფილა. ეს დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან მომხმარებელთა ცნობადობა ამ კუთხით ამაღლდა, ანუ უკვე ბევრმა მომხმარებელმა იცის სად და როგორ უნდა დაიცვას თავისი უფლებები, თუმცა მეორე მხრივ, ეს თვითონ სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებზე მიგვანიშნებს.

- ამ 4900 განცხადებიდან რამდენი დაკმაყოფილდა და რა ბერკეტები გამოიყენა თქვენმა ინსტიტუტმა მომხმარებლის უფლებების დასაცავად?

- ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ აქ ძალიან ბევრი მომხმარებლის უფლება იყო დარღვეული, ვინაიდან ამაზე თანხობრივი შედეგებიც მიგვანიშნებს. წლის განმავლობაში 4 მილიონი ლარი უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები მოიხსნა მომხმარებელთა ინდივიდუალური აღრიცხვის ბარათებიდან, რაც იმის მანიშნებელია, რომ ფაქტობრივად ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და მათი უდიდესი წილი ენერგოკომპანიებთან მიმართებაში მართალი იყო. ლიდერი წყალმომარაგების სექტორი იყო, რომელიც გასულ წელს ძალიან მტკივნეულად შეეხო თითქმის ყველა უბანს და მომხმარებელს, რაც მომსახურების ხშირ წყვეტასა და გეგმიური თუ არაგეგმიური სამუშაოების გაჭიანურებაში გამოიხატა.

- როდესაც სამუშაოები ჭიანურდება, მაშინაც შეუძლია მომხმარებელს მოგმართოთ, რა ბერკეტები აქვს თქვენ სამსახურს?

- ჩვენ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას, ეს იქნება ოფიციალური მომართვა, თუ სოციალური ქსელებით მომართვა, ან სატელეფონო ზარი, ყველას ვინიშნავთ, ოქმებს ვადგენთ თუ კი მომხმარებელი პირადად ვერ მოგვმართავს და ყველა ინდივიდუალურ ჯერზე კომპანიას რეკომენდაციით მივმართავთ. თუკი გაირკვა, რომ რეალურად წყვეტის ხანგრძლივობა, ან დაგეგმილი სამუშაოების სიხშირე იმდენად აუტანელი იყო, რომ ეს მომხმარებლებზე უარყოფითად აისახა, ყოველ ჯერზე ვაძლევთ რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სამუშაო დრო იქნება თუ მომსახურების აღდგენის დრო, გონივრული და კარგად დაგეგმილი უნდა იყოს. ამან, რა თქმა უნდა, შედეგი რეალურად გამოიღო, რადგან დედაქალაქის მასშტაბით GWP-მ რამდენიმე დღის წინ, გენერალური გეგმა წარმოადგინა, სადაც დაწვრილებით არის ასახული 2017 წლის განმავლობაში რა სახის ღონისძიებების განხორციელებას აპირებს იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა სისტემურად მოაგვაროს, თუმცა ჩვენი რეკომენდაციები ამ სამუშაო პროცესებშიც ის არის, რომ ამ პრობლემების აღმოფხვრამ კიდევ უფრო მეტი უარყოფითი ზემოქმედება არ მოახდინოს მომხმარებლებზე და ის დროში იმდენად კარგად იყოს დაგეგმილი, რომ მომხმარებლებზე რაც შეიძლება ნაკლებად აისახოს.

- პრეტენზიების მიმართულებით რომელი კომპანიები ლიდერობენ და ასევე ვინ არიან ის ლიდერი კომპანიები, რომლებიც თქვენ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ?

- საჩივრების რაოდენობის მხრივ, უპირველესად წყალმომარაგების კომპანიებიდან უნდა აღვნიშნოთ ’’ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ასევე ’’მცხეთის წყალი“ და ’’რუსთავის წყალი“, მათთან ერთად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომლის მიმართაც მასობრივად იყო რამდენიმე რეგიონული ქალაქიდან საჩივრები. ასევე ბევრი განცხადება იყო სს "თელასის" და ’’ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ. რეგიონული კომპანიებიდან უკონკურენტო ლიდერი იყო კახეთის ენერგო-დისტრიბუცია. თანამშრომლობა ყველა კომპანიასთან გამოგვდის. უნდა აღნიშნოს, რომ Energo-pro Georgia არის ის კომპანია, რომელთანაც ჩვენ ადმინისტრაციული დავა არ წამოგვიწყია და 2016 წლის განმავლობაში არ გვიწარმოებია, რადგან საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციები 100%-ით გაიზიარეს და გაითვალისწინეს. გასულ წელს ჩვენ 908 შუამდგომლობა გვქონდა კომისიის წინაშე და ეს კომპანიების წინააღმდეგ არსებული საჩივრები იყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day