Home
Category
TV Live Menu

ენერგოსექტორი: გაუგებარია, რა რეალობა დაგვიდგება მაისის შემდეგ

5a700d20a186d
დავით ჯალაღონია
30.01.18 10:19
988
საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მაისიდან ცვლილებები იგეგმება. ერთი მხრივ, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები (5 მლნ.კვტ/სთ) 1 მაისიდან თავისუფალ ბაზარზე, დისტრიბუტორების - „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გარეშე ივაჭრებენ ელექტროენერგიის მისაღებად, მეორე მხრივ კი - ინვესტორებს გარანტირებული ხელშეკრულების შესახებ ხელშეკრულებების გარეშე მოუწევთ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა. 

საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის, "ენერჯი სოლუშენის" ხელმძღვანელის გიორგი აბრამიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე კერძო სექტორისთვის ჯერ კიდევ უცნობია, რა პირობებით იმუშავებენ საქართველოში ახალი ინვესტორები, რომლებთანაც ელექტროენერგიის შეძენაზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები აღარ გაფორმდება, გამონაკლისების გარდა. 

"ამ ეტაპზე მთავრობასთან არის შეთანხმება, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მოხდეს გარანტირებულ შესყიდვებზე შეთანხმება, ე.წ PPP პროექტების ჩარჩოებში, სადაც ფინანსთა სამინისტრო ჩაერთვება, როგორც დამატებითი რგოლი, რომელიც შეაფასებს უკვე არსებულ კვლევებს და შეთავაზებებს კერძო სექტორიდან. თუმცა, გაუგებარია ის კრიტერიუმები, რის მიხედვით შეირჩევა ესა თუ ის სადგური და ფინანსთა სამინისტროს რამდენად ეყოფა კომპეტენცია, რომ შეაფასოს ენეგეტიკული პროექტების აუცილებლობა. რა რეალობა დაგვიდგება მაისის შემდეგ, როგორც დეველოპერულ კომპანიებს, ისე ინვესტორებს, თუ როგორ უნდა განახორციელონ ინვესტიციები ჩვენს სექტორში იმ პერიოდში, როდესაც მოხმარების ასეთი კატასტროფული ზრდა გვაქვს, ჯერ-ჯერობით გაუგებარია", - განაცხადა აბრამიშვილმა. 

დაგეგმილ ცვლილებებში კიდევ ერთ სარისკო გარემოებაზე საუბრობს ასოციაციის წევრი კომპანიის "ჰიდრო ენერგო კორპორაციის" საოპერაციო დირექტორი ტატო ცინცაძე. მისი განმარტებით, იმ პირობებში, როცა მთავრობასთან ინვესტორი გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს, ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის მოძიება გართულდება. 

„ფინანსურ ინსტიტუტებს სესხის გასაცემა რეალიზების კონკრეტული ბაზარი სჭირდებათ, რაც სესხის დაბრუნებას უზრუნველყოფს. ასეთ პროექტებში უკუგების პერიოდი დაახლოებით 8-10 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტებს გრძელვადიანი, სტაბილური ბაზარი სჭირდებათ. სწორედ ამ მოთხოვნას აკმაყოფილებდა გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, რომლებიც აქამდე ფორმდებოდა. ასე აღარ მოხდება, რაც ჩვენთვის, ინვესტორებისთვის სასესხო ხელშეკრულებების მოძიებას ცოტა ართულებს“, - განაცხადა ცინცაძემ და დასძინა, რომ საბოლოო ჯამში, როცა ეს რეფორმები დასრულდება, ამ ღია ბაზარმა გარანტირებული ხელშეკრულებები უნდა ჩაანაცვლოს. 

შეგახსენებთ, რომ ბაზრის ლიბერალიზაციისთვის ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ ახალ კანონზე მიმდინარეობს მუშაობა. ბაზრის ახალი, საცდელი მოდელის დანრგვა კი 2019 წელს იგეგმება. 

Subscribe to our news

Get the main news of the day