კომპანია "ენერჯი სოლუშენის" ხელმძღვანელი გიორგი აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ინვესტორებისთვის ქვეყანაში არასტაბილურობის შეგრძნებაა.
"ერთ-ერთი მთავარი და ჩვენთვის, ინვესტორებისთვის მტკივნეული არის არასტაბილურობის შეგრძნება. ჩვენ ვერ დავდებთ ბრალს მთავრობას იმაში, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მოტივირებული არ არის, თუმცა გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობას, გასაჯაროებას და წინასწარ კონსულტაციებს რაც შეეხება, აქ ცოტათი მოვიკოჭლებთ. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილება ჩვენთვის იყო ის, რომ მარტში გამოვიდა ბრძანება და აპრილიდან შემცირდა დერეგულირებული სადგურებისთვის გარანტრებული საბალანსო ელექტროენერგის შესყიდვის ფასი“, - განაცხადა აბრამიშვილმა „საქმის კურსთან“ საუბრისას.
მისი განმარტებით, ვიდრე ენერგეტიკის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, „მთავრობა ვალდებულებას იღებდა, რომ ყველა დერეგულირებული სადგურისთვის გადაეხადა იმდენივე, რამდენსაც ყველაზე ძვირადღღირებულ თბოსადგურს უხდიდა“.
„დეკემბერში სემეკმა თბოსადგურების ელექტროენერგიის საბალანსო ღიებულება დაიანგარიშა, რაც 14.2 თეთრი იყო 1 კვტ/სთ-ზე. შესაბამისად, დერეგულირებულ სადგურებზეც იგივე ტარიფი გავრცელდა. შემდეგ კი ერთ დღეში, მარტში ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოხდა, რომ 1 აპრილიდან დერეგულირებული ჰესების ელექტროენერგიის საბალანსო ღირებულება შემცირდა და რეგულირებული ჰიდროსადგურების ყველაზე მაღალღირებულ ფასს გაუსწორდა - 14-დან 9 თეთრამდე დაიწია, რამაც ფინანსურად სერიოზულად დაგვარტყა, მაგრამ ყველაზე უფრო მტკივნეული იყო არასტაბილურობის შეგრძნება - ერთ ღამეში ეს ტარიფი ისე შეიცვალა, რომ არავინ ამის შესახებ არ იცოდა. აქ ზოგადად ლოგიკაც გაუგებარია - დერეგულირებული რეგულირებულს რატომ უნდა გაუსწორდეს? შუა წელიწადში ამ ცვლილებამ მთლიანად ამოგვაგდო ჯანსაღი სტრუქტურიდან - საფინანსო ინსტიტუტის შეცვლა მოგვიწია, რადგან ვეღარ ვახერხებდით საკუთარი სესხის დაფინანსებას იმ ტარიფზე, რომელზეც ჩამოიწია“, - განმარტა არსებული ვითარება გიორგი აბრამიშვილმა და დასძინა, რომ კერძო სექტორთან კონსულტაციების გარეშე ენერგეტიკის სამინისტრომ სხვა გადაწყვეტილებებიც მიიღო, თუმცა ინვესტორებისთვის ყველა საზიანო არ იყო.
"ზოგი პოზიტიურიც იყო, მაგრამ - სპონტანური“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ინვესტორი ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების შემდეგ საქართველოში მოსალოდნელ რეფორმებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ბაზრის ლიბერალიზაციისთვის სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით კერძო სექტორს ინფორმაცია არ აქვს.
„ვიცით, რომ ამ ენერგოგაერთიანებას შევუერთდით, რეფორმებია გასატარებელი, მაგრამ ცოტა ინფორმაციის დეფიციტია ამ რეფორმების თაიმლაინთან დაკავშირებით - როდის, რა ნაბიჯები გადაიდგმება? საიდან დავიწყებთ? ერთის მხრივ, რეფორმების გატარების კუთხით მოწინავე ადგილებზე ვართ და ბაზრის დერეგულირებისკენ კარგად მივდივართ წინ, რაც მისასალმებელია, მაგრამ ჩვენთვის, ინვესტორებისთვის ამაზე გადაწყობა ცოტა რთულია. შესაბამისად, არ ვიცით წინ რა გველოდება. ამიტომ ჩვენ და რამდენიმე ინვესტორმა გადავწყვიტეთ, ცოტა ხანი შევაჩეროთ ინვესტიციები, დაველოდოთ ბაზარი საით განვითარდება და აქედან გამომდინარე გავაგრძელოთ ახალ პროექტებზე მუშაობა“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის რეგიონალურ ბაზარს, მისი ინფორმაციით, თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის შესაძენი ფასი ძალიან შემცირდა, რამაც გარკვეულწილად საქართველოში FDI-ის შემცირებაც განაპირობა.
„აქედან გამომდინარე, რვათვიანი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით ძალიან ძნელია ინვესტიციების განხორციელება. ვფიქრობთ, რომ თორმეტთვიანი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები უნდა არსებობდეს. შეიძლება, ტარიფი დივერსიფიცირებული იყოს - ზაფხულში შედარებით მცირე, მაგრამ კერძო სექტორს უნდა ჰქონდეს მყარი ფუნდამენტის არსებობის შეგრძნება“, - ამბობს ინვესტორი.
2017 წლის პირველ ექვს თვეში ენერგეტიკაში 25.9 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (75.1 აშშ დოლარი) დაახლოებით სამჯერ ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ ახალი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ვალდებულებას სახელმწიფო წელიწადში რვა თვის განმავლობაში იღებს.