Home
Category
TV Live Menu

entree ბაქოში მეოთხე მაღაზიას ხსნის, საქართველოს რეგიონებში შესვლას კი ჯერ არ გეგმავს

58c6405a94234
სალომე მეცხვარიშვილი
13.03.17 12:35
1751
ქართულ-ფრანგული კაფეტერიების ქსელი "ანტრე" საქართველოს რეგიონებში შესვლას არ აპირებს, თუმცა, მეზობელ ქვეყანაში უკვე მეოთხე მაღაზიას ხსნის. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიის თანადამფუძნებელმა ჟან მიშელ შარლიმ განუცხადა, „ანტრეს“ მეოთხე კაფე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 13-15-მარტს გაიხსნება.

"აზერბაიჯანის ბაზარზე საკმაოდ წარმატებით ვვითარდებით, ადგილობრივმა მომხმარებელმა „ანტრე“ შეიყვარა, თავისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აირჩია, ამიტომაც ბუნებრივია გეგმაში უფრო აქტიური განვითარება გვაქვს, სულ მცირე 6 კაფეს კიდევ დავამატებთ”,- აცხადებენ "ანტრეში". 

მათივე ინფორმაციით, კაფეტერიების ქსელი სწავლობს სხვა ქვეყნების პოტენციურ ბაზრებსაც.

"ეს საინტერესო სამუშაო პროცესია, რომელსაც არ უყვარს აჩქარება",- აცხადებს "ანტრეს" თანადამფუძნებელი.

რაც შეეხება „ანტრეს“ გეგმებს საქართველოში, ჟან მიშელ შარლის განცხადებით, თბილისში ამ მომენტისთვის 13 ანტრეა, თუმცა ახალ ლოკაციებს კვლავ ეძებენ, რადგან ასათვისებელი კიდევ რამდენიმე უბანია. რეგიონებში ექსპანსიის გეგმა კი კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს.

"ბოლო წლების მანძილზე ქართველი მომხმარებელი ძალიან დაიხვეწა, მან არჩევანი ჯანსაღ კვებაზე გააკეთა და ამიტომაც ჩვენი ტიპის ბიზნესზე მოთხოვნა დიდია, ქართველ მომხმარებელს მოწონს უსაფუარო ხელნაკეთი პური, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად სახელდახელოდ ვაცხობთ, ჯანსაღი სალათები, ფრანგული ფუნთუშა, ჩვენს მიერ გამოწურული ხილი და ბოსტნეული, ანტრეს სენდვიჩები და ორცხობილები, ხელნაკეთი მურაბები და ჯემები. გამომდინარე აქედან ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ანტრეს არსებობა აბსოლუტურად ნორმალურია, თანაც თუ გავითვალისწინებთ ტურიმზმის სექტორში საკმაოდ პოზიტიურ ძვრებს, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს ფარგლებში რაიმე კონკრეტული ექსპანსიის გეგმა არ გვაქვს",- აცხადებენ კომპანიაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day