Home
Category
TV Live Menu

ექნება თუ არა ბიუჯეტის შესრულებას გავლენა ლარზე? - ოპოზიცია მთავრობას ადანაშაულებს

59c0f1dfe5cb5
ელენე გოგბერაშვილი
19.09.17 14:29
798
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების გეგმის მიხედვით, 9 თვეში მთავრობამ 8,5 მლრდ ლარი უნდა აითვისოს. 14 სექტემბრის მდგომარეობით, ათვისებულია 7 მლრდ 522 მლნ ლარი და დახლოებით 15 დღეში დასახარჯი რჩება თითქმის 1 მლრდ ლარი.

ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ თვიურად ბიუჯეტის შესრულების მხრივ ჩამორჩენაა და მთავრობა ვერც დარჩენილ 1 მილიარდ ლარს ვერ აითვისებს. როგორც გოცირიძე ამბობს, მთავარია ბიუჯეტის ხარჯვა წლის ბოლოს იყოს თანაზომიერი. მისი აზრით, ლარზე წნეხი ამაზე მეტად ფინანსთა სამინისტროს იმ ახალ ინსტრუმენტს ექნება, რომლის მიხედვითაც მთავრობამ ბანკებს ფული ასესხა.

"ბიუჯეტის ხარჯვა ტრადიციულად არათანაბარზომიერია. დარჩენილ 4 თვეში დასახარჯია 4 მილიარდი ლარი. ეს არის ბევრი, თუმცა არ არის იმ ზომით ჩამორჩენა, რაც იყო შარშან. შარშან წლის ბოლო ორ თვეში გაწულმა საბიუჯეტო ხარჯებმა გამოიწვია ლარის გაუფასურება. შარშან გაცილებით უარესი მდგომარეობა იყო, თუმცა წელს მთავრობა სხვა რამეშია დამნაშავე. ერთია რომ მაინც არის ჩამორჩენა და წლის ბოლოს მოუწევს დახარჯვა. მეორეა, ნახევარი მილიარდი ლარი ასესხა ბანკებს, უპრეცენდენტო შემთხვევა იყო ქართულ საფინანსო ისტორიაში, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას. ეს არის სამთვიანი სესხი, როგორც კი დადგება ვადა, ეს ფული უნდა ამოიღონ ბიუჯეტში", - აცხადებს რომან გოცირიძე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ დარჩენილ 2 კვირაში განსაკუთრებულ ხარჯვას არ ელოდებიან, შესაბამისად მოლოდინი არ არის, რომ ბიუჯეტის ხარჯვას გავლენა ექნება ლარზე.

"8 თვის მონაცემები რაც არსებობს, დაახლოებით 64%-მდეა შესრულებული ხარჯვით ნაწილში, რაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველთვიურად თანაბარი უნდა იყოს, მაქსიმუმ 66% შესაძლებელია რომ იყოს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესრულება იქნება საკმაოდ მაღალი- 90%-ზე მეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად 1 მლრდ ლარი დაიხარჯება დარჩენილ პერიოდში. აქ არის უკვე დახარჯული თანხებიც, რომელიც დონორების მიერ გადარიცხულია და ასახული არ არის შესრულებაში, ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ ხარჯვას დარჩენილ 2 კვირაში არ ველოდებით, შესაბამისად არც რაიმე წნეხს ველოდებით, რომ ლარზე მოახდინოს ბიუჯეტის ხარჯვამ" -განმარტავს გიორგი კაკაურიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day