ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნა გადაიდო. საპარტნიორო ფონდმა ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნა ჯერ გაზაფხულზე, შემდეგ კი სექტემბრისთვის დაანონსა, თუმცა როგორც ჩანს ექსპორტიორები სახელმწიფოს ხელშეწყობით ვერც სექტემბრიდან ისარგებლებენ. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა, ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების გატარება პარლამენტის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ვერ მოხერხდება.
"ფონდმა შეიმუშავა კონცეფცია, პროექტი, თუ რა ცვლილებები იქნება გასატარებელი კანონმდებლობაში. დღეს პარლამენტში ვერ იქნება სწორი და მართებული ასეთი ცვლილებების შეტანა და ჩვენ ალბათ დავუცდით საქართველოს პარლამენტის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას"-აცხადებს დავით საგანელიძე.
მისი თქმით, სააგენტოს ექნება ბერკეტი, რომ პრაქტიკული დახმარება გაუწიოს ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს.
"წახალისებაში იგულისხმება ის, რომ როცა კომპანია ორიენტირებულია ექსპორტზე, მაგრამ მას უჭირს საბრუნავი კაპიტალის მოცულობის გაზრდა , რისკები, რომელიც არსებობს გარეთ თანხების მიღების შემთხვევაში და მას ამ რისკების დაზღვევის საშუალება არ აქვს. თუნდაც ლოჯისტიკური საკითხები. ყველა ეს ის თემებია, რაც ექსპორტის სააგენტომ უნდა მოუგვაროს კომპანიებს"-განმარტა დავით საგანელიძემ.