საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2017 წელს ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის რისკებს არ ქმნის. ამის შესახებ "საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნაში ყურადღებაა გამახვილებული ბიუჯეტის დეფიციტზე, რომელიც 2017 წელს მშპ–ის საპროგნოზო ოდენობის 4.1%-ზეა დაგეგმილი.
ცენტრალური ბანკი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას 2020 წლისთვის 2.5%-მდე, ამიტომ იმ დაშვებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი უბრუნდება მდგრად დონეს, ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ 2017 წელს ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის რისკებს არ ქმნის.
"თუმცა, ვალის მდგრადობის და ფისკალური სტაბილურის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, მომდევნო წლებში არ მოხდეს ფისკალური კონსოლიდაციის წარმოდგენილი გეგმიდან გადახვევა", - წერია დასკვნაში.
ამასთან, კობა გვნეტაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული აქციზის გადასახადის ზრდასა და ინფლაციაზე მის შესაძლო გავლენაზე.
"მიუხედავად იმისა, რომ აქციზის გადასახადის ზრდა გამოიწვევს ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების გაძვირებას, ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ზრდის პირდაპირი გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აქციზური საქონლის გაძვირება გაზრდის ინფლაციის მოლოდინებს, ეროვნული ბანკი მოახდენს რეაგირებას და უზრუნველყოფს ინფლაციის შენარჩუნებას მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს", - მიიჩნევენ ცენტრალურ ბანკში.
გარდა ამისა, დასკვნაში წერია ისიც, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მთავარი წყარო ვალდებულებების ზრდაა. ცენტრალური ბანკი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პროექტით გათვალისწინებულია სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით 400 მილიონი ლარის მობილიზება ანუ ამ ოდენობის შიდა ვალის აღება.
"სახაზინო ვალდებულებებით დეფიციტის დაფინანსება ხელს უწყობს სავალუტო რისკისა და ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების ხარჯების შემცირებას, რის შედეგადაც მცირდება საგარეო შოკების გადმოცემა ბიუჯეტსა და ვალის ზრდაზე. ამავე დროს, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მომავალში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს დაიწყოს მაღალი ლიკვიდობის მქონე ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რომელთა ემისიაც წინასწარ იქნება გამოცხადებული, რაც გაზრდის მათ პროგნოზირებადობას, და, შესაბამისად, ინვესტორების დაინტერესებას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართ", - წერია დასკვნაში.