ეროვნული ბანკი სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ის პირდაპირ ზღუდავს კონსტიტუციით და ორგანული კანონით გარანტირებულ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.
"ეროვნული ბანკი მიესალმება ქვეყანაში სახელმწიფო სიმბოლოების დიზაინის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, თუმცა, ამავე დროს, ვერ დაეთანხმება საქართველოს კანონის წარმოდგენილ რედაქციას „სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების შესახებ“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (შემდგომში: კანონპროექტი) შემდეგ გარემოებათა გამო: არსებული მდგომარეობით საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში: ეროვნული ბანკი) თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. აღნიშნული ასევე გარანტირებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდგომში: ორგანული კანონი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტით. ეროვნული ბანკის ერთ-ერთ საკვანძო საქმიანობად მიჩნეულია ფულის ნიშნების ემისია (საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი). ორგანული კანონის 35-ე მუხლი შემდგომ განმარტავს და აკონკრეტებს, თუ რა აქტივობები მოიაზრება ფულის ნიშნების ემისიის ქვეშ, კერძოდ: (ა) როგორც მიმოქცევისათვის, ისე საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადება და საქართველოს ტერიტორიაზე მათი მიმოქცევაში გაშვება; (ბ) ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ნომინალის, ზომის, წონის, რაოდენობის, გაფორმების, მასალისა და სხვა მახასიათებლების განსაზღვრა; და (გ) ლარის არსებული ნომინალის ბანკნოტისა და მონეტის დიზაინის, მასალის ან/და მასზე დატანილი წლის ცვლილება. წარმოდგენილი კანონპროექტით, ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინისა და გაფორმების საკითხი ეროვნულმა ბანკმა უნდა შეათანხმოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან და მხოლოდ საბჭოსგან დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ მოახდინოს ფულადი ნიშნების ემისია („სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების შესახებ“ კანონის პროექტის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი; „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის 35-ე მუხლის 21 პუნქტი). როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ფულის ემისია მოიცავს. მათ შორის, ფულის ნიშნების დიზაინსა და გაფორმებას. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული უფლებამოსილება კონსტიტუციით არც ერთ სხვა დაწესებულების კომპეტენციაში არ შედის გარდა ეროვნული ბანკისა. ამრიგად, წარმოდგენილი სქემით ეროვნული ბანკის კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნქციებში ხდება სხვა დაწესებულების ჩარევა, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის მე-4 ნაწილის და ორგანული კანონის მე-4 მუხლის პუნქტის („ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა“) დარღვევას. ეროვნული ბანკი დამოკიდებული ხდება კონსტიტუციით გარანტირებული ფუნქციის შემადგენელი ერთ-ერთი საკვანძო აქტივობის (ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ნომინალის, ზომის, წონის, რაოდენობის, გაფორმების, მასალის, დამცავი ნიშნებისა და სხვა მახასიათებლების განსაზღვრა) განხორციელებისას სხვა დაწესებულების დასკვნაზე. აღნიშნული, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ორგანულ კანონს და ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით გარანტირებულ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ამასთან, ხაზგასასმელია ის საკითხიც, რომ ნებისმიერი ორგანოს მიერ ეროვნული ბანკის ფულის ნიშნების ემისიის უფლებამოსილებაში ჩარევა წარმოშობს რეალურ რისკს საფრთხის ქვეშ დადგეს ზოგადად ქვეყნის ნაღდი ფულით მომარაგების საკითხი. შესაბამისად, შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვნად გაურთულდება კონსტიტუციით დაკისრებული ამოცანის შესრულება და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ფულის ნიშნებით ეკონომიკის მომარაგების საკითხი.
ამასთან, გვსურს გაცნობოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფულის ერთეულების ემისიასთან დაკავშირებით ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ეროვნულ ბანკს ეკუთვნის, როდესაც ფულის ერთეულის თემატიკის ცვლილების საკითხი იხილება, ეროვნული ბანკი თავისი ინიციატივის ფარგლებში თემატიკის შერჩევის პროცესში რთავს ფართო საზოგადოებას. ამის დასტურია ლარის სიმბოლოს შერჩევის პროცესი 2013-14 წლებში. გარდა ამისა, აღსანიშნავია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 27 ივლისის N76/04 ბრძანებით დამტკიცებულ საკოლექციო დანიშნულების ლარის ბანკნოტებისა და მონეტების თემატიკის (თემის) განსაზღვრისა და დიზაინის ესკიზის/ესკიზების შერჩევის დროებითი კომისიის შემადგენლობა, სადაც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ჰერალდიკის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე. ვინაიდან ეროვნული ბანკი საქმიანობის გამჭვირვალობის და ფართო საზოგადოების ჩართულობის პრინციპის ერთგული რჩება, ლარის ბანკნოტების და მონეტების გაფორმების და დიზაინის ცვლილების საკითხების განხილვა სამომავლოდაც განხორციელდება საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ჰერალდიკის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წარმომადგენლის სავალდებულო ჩართულობით. ზემოთ ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი კატეგორიულად არ ეთანხმება შემოთავაზებულ ცვლილებებს, და მიაჩნია რომ მათი ამოქმედება არსებითად გამოიწვევს ეროვნული ბანკის, როგორც ფულის ნიშნების ემისიის ექსკლუზიური უფლების მქონე ორგანოს დამოუკიდებლობის შესუსტებას და მნიშვნელოვნად გაართულებს მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის წერილში.