ეროვნული ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის - კანონს ხელი პაპუაშვილმა მოაწერა;
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს ხელი მოაწერა. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. „სამომავლოდ აღმოიფხვრება ყოველგვარი ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის, ან უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში და ეს საკითხი მოწესრიგდება მაღალი კვორუმის საჭიროების მქონე ორგანული კანონის და არა ეროვნული ბანკის შიდაუწყებრივი რეგულაციის დონეზე“, - ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში. ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მმართველი პარტიის მიზანი იყო ეროვნულ ბანკში არ შექმნილიყო ხელოვნური კრიზისი და კანონი ამ პროცესს დაასტაბილურებს.