მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების და ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან გახშირებულ დაჯარიმებებზე საუბრობენ. როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარემ „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, უწყების მიერ კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმება მოხდა სოლიდური თანხით, რომელიც 200 000 ლარს სცდება. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე თვის წინ 4-მდე ორგანიზაცია დაჯარიმდა.
ბესიკ შენგელია ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიდგომა და ჯარიმების მოცულობა არარელევანტურია. ასევე, მისი თქმით არარელევანტურია ის კრიტერიუმებიც, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციების მონიტორინგი ხორციელდება.
"ერთი ორგანიზაციის შემთხვევაში საუბარი იყო 10 000 ლარამდე, ახლა მეორე ორგანიზაციაზეა საუბარი, რომელიც ცოტა ხნის წინ შეამოწმეს, ჯერ დარიცხვა ბოლომდე არაა განხორციელებული, მაგრამ საუბარია 200 000 ლარზე მეტ თანხაზე.
ასეთი არაადეკვატური ჯარიმები არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. ზოგადად ეს სექტორისთვის დამაზიანებელია და ინვესტორებიც ცუდად აღიქვავენ ამას. დაწყებული პროგრამული უზრუნველყოფიდან, დამთავრებული რისკ ფაქტორებით, სრულად არარელევანტური კრიტერიუმებია. ასევე საკმაოდ ძვირი ჯდება პროგრამული უზრუნველყოფა.
ადრე გარკვეული ფაზა იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც ბანკებთან იყო დაჯარიმებებზე საუბარი, შემდეგ ეს ტალღა განელდა და ახლა რატომღაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯერი დადგა", - აცხადებს შენგელია. მისივე თქმით, მონიტორინგის კრიტერიუმების შედგენისას, ორგანიზაციების სპეციფიკა უნდა იქნას გათვალისწინებული.
„როდესაც ეს კრიტერიუმები გაამკაცრეს, გვითხრეს რომ ეს ხდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით, თუმცა არავის გვჯერა რომ რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტის ინტერესებში შედიოდეს რომ სექტორი ასე დაზარალდეს. ჯარიმის გადახდით კი პრობლემა არ გადაიჭრება", - ამბობს შენგელია.