ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ ლიცენზია 30-მდე აფთიაქს გაუუქმდა. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ 2016 წელს ლიცენზია 18 აფთიაქს გაუუქმა, მიმდინარე წლის 10 ნოემბრამდე გაუქმებული აფთიაქების რაოდენობა კი ცხრას შეადგენს. აფთიაქებს ლიცენზია მას შემდეგ უუქმდებათ, რაც ფსიქოტროპული და რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების უკანონოდ გაცემის რამდენიმე ფაქტი დაუფიქსირდებათ.
ამასთან, ირკვევა, რომ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევის ფაქტები იზრდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების სამმართველოს უფროსი ნანა შანშიაშვილი საქმის კურსთან ამბობს, რომ 2015 წლის განმავლობაში ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევისთვის 113 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი, 2016 წელს ეს მაჩვენეველი 115 იყო, წელს კი 10 ნოემბრამდე 164 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია გამოწერილი.
რაც შეეხება ფარმაცევტების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს, ამ მიმართულებით 67 ფარმაცევტია შეყვანილი სპეციალურ რეესტრში. მათ გარკვეული დროის განმავლობაში საქმიანობა შეზღუდული აქვთ. ფარმაცევტების პასუსხიმგებლობა იმ შემთხვევაში დგება, როდესაც მათს აფთიაქში მედიკამენტები წესების დარღვევით იყიდება.
წესების დარღვევის შემთხვევაში აფთიაქებს პირველ ჯერზე 6 - ათასლარიანი ჯარიმის გადახდა უწევთ, განმეორების შემთხვევაში კი სანქცია 12 ათასი ლარია.