Home
Category
TV Live Menu

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო: გადაცემების დახურვა სერიოზულად დააზიანებს ბიზნეს გარემოს

57517ff64c93a
BM.GE
03.06.16 17:01
1165
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო გადაცემების „ბიზნესკონტაქტი“ „საქმიანი დილა“ და „ანალიტიკა“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს.

""ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭო“, როგორც საქართველოში მოქმედი ერთადერთი ევროპული ბიზნეს ორგანიზაცია, წუხილს გამოთქვამს ტელეკომპანია მაესტროზე მიმდინარე პროცესების გამო. ვგულისხმობთ გადაცემების, „ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ საეთერო ბადიდან მოხსნას და 32 თანამშრომლისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

გვინდა აბსოლუტურად ობიექტურად აღვნიშნოთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჟურნალისტთა ზემოთხსენებული გუნდი მაღალპროფესიულ დონეზე და მიუკერძოებულად აშუქებდა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ მიმართულებებს. გადაცემები „ბიზნესკონტაქტი“ და „საქმიანი დილა“ ყოველდღიურ რეჯიმში იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციული.

ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭომ“ განახორციელა, აქტიურად იყო მხარდაჭრილი „ბიზნესკონტაქტის“ გუნდის მხრიდან.

თუ გავიხსენებთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ბიზნეს კონფერენციებს, ბიზნეს ფორუმებსა და ქართული პროდუქციის გამოფენებს, აღნიშნული გუნდი სიღმისეულად აშუქებდა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის თემას და საზოგადოებამდე მნიშვნელოვანი გზავნილები მიჰქონდა.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული გადაცემების დახურვა სერიოზულად დააზიანებს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს და შეაფერხებს ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას. ამასთან, მიმდინრე პროცესები განსაკუთრებით არასასურველ შედეგებს იწვევს ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვან, წინასაარჩევნო პერიოდში.

ჩვენ მადლობას ვუხდით გიორგი ისაკაძეს და მის გუნდს „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოსთან“ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ჯგუფი სხვა მედია საშუალების დახმარებით გააგრძელებს პროფესიულ საქმიანობას", - ნათქვამია განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day