ევროკავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარს უჭერს, - ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიუ-იორკში, დღეს გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. ინფორმაციას პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მათ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობის დინამიურ განვითარებას მიესალმება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი შეუქცევადია, ხოლო ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისადმი ერთგულებას, ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტააციის პროცესიც ადასტურებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები დადებითად შეაფასეს.