8 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებები შეჩერების განახლებული მექანიზმის კომპრომისულ ტექსტზე წარმატებით დასრულდა და რეგულაციის საბოლოოდ შეთანხმებულ რედაქციას კენჭი ეყარა სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (LIBE) კომიტეტის სხდომაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კენჭისყრა შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მომავალ კვირაში გაიმართება.
"დღეს მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით და პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხს. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურები შეუფერხებლად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.