Home
Category
TV Live Menu

ევროკავშირის მხარდაჭერით ა(ა)იპ. "საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" ფერმერთა სათათბიროს აფუძნებს

58412abc0f819
BM.GE
02.12.16 11:54
1086
საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, ფერმერთა სათათბირო ორგანოს ფორმირების მიზნით, პირველი შეხვედრა გამართა.

ფერმერთა ინტერესების უკეთ დაცვისა და საკანონმდებლო პროცესებში მათი ჩართულობის მიზნით, ა(ა)იპ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ჩამოყალიბდეს ფერმერთა სათათბირო ორგანო, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა გახდება მთავრობის მიერ ინიცირებული ისეთი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, რაც უშუალოდ ეხება ფერმერთა საქმიანობას, მათი, როგორც მეწარმის მდგომარეობის გაუმჯობესებასა თუ განვითარების ხელშეწყობას.

ფერმერთა სათათბირო ორგანო უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ფერმერთა აქტიურ ჩართულობასა და მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას.

ფერმერთა სათათბიროს წევრობის მსურველი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

• აგრარულ სექტორში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერი რომელიც აწარმოებს და ყიდის საკუთარ პროდუქციას);

• მოქმედი კოოპერატივის წევრი/თავჯდომარე;

• აგრო საწარმოს ან დარგობრივი ასოციაციის წევრი/ხელმძღვანელი;

• წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე და ეკონომიკურ (ფერმერულ) საქმიანობას ახორციელებდეს შესაბამის ტერიტორიულ არეალში.

ფერმერთა სათათბიროს შემადგენლობაში შევა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 58 მუნიციპალიტეტის 116 წარმომადგენელი. თოთოეული მუნიციპალიტეტი წარმოდგენილი იქნება 2 წევრით. აქედან ერთს დაასახელებს ა(ა)იპ. „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ საბჭო, მეორეს კი - თავად საბჭოს მიერ არჩეული წევრი.

გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვის მიზნით, საბჭოს მიერ სათათბიროს წევრობაზე არჩეულმა პირმა უნდა დაასახელოს საწინააღმდეგო სქესის მეორე წევრი.

საბოლოო გადაწყვეტილებას სათათბიროს წევრად მიღების შესახებ იღებს ფერმერთა ასოციაციის საბჭო.

„აცნობიერებენ რა ფერმერები იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი ყოველდღიურად დგანან, დროა, მათ თავად მიიღონ აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცესში, რომელიც მათი, როგორც ფერმერის მომავალს განსაზღვრავს“, განაცხადა ნინო ზამბახიძემ, ა(ა)იპ. „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ.

სათათბიროს ორგანოს ფორმირება ა(ა)იპ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ პარტნიორი ორგანიზაციის „ქეა საერთაშორისო“ აქტიური მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში გიმართა.

„CARE International“ წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოში სიღარიბის შემცირებას. „CARE International in The Caucasus“ პროგრამის მიზანი სამხრეთ კავკასიაში სოფლად სიღარიბის, მოწყვლადობისა და სოციალური უთანასწორობის შემცირება და მდგრადი განვითარებისთვის პირობების გაუმჯობესებაა, რაც რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას შეუწყობს ხელს. „CARE International in The Caucasus“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ერთ-ერთი განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციაა საქართველოში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის განვითარებას და სოფლის მეურნეობის სექტორის გამოცოცხლებას ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ფერმერებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის პირობებში. 2013-2018 წლებისთვის, ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.enpard.ge

Subscribe to our news

Get the main news of the day