Home
Category
TV Live Menu

"ევროპის ეკონომიკა შედარებით გაჯანსაღების გზას ადგას", - Galt&Taggart გასულ წელს აჯამებს

5862434667435
BM.GE
27.12.16 14:30
1293
"საქმიან დილასთან" Galt&Taggart-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი გოგა მელიქიძე 2016 წელს აფასებს.

- ბატონო გოგა როგორ შეაფასებდით გასულ კვირას და მთლიანობაში გასულ წელს?

- წინა კვირას ამერიკის საფონდო ბაზარზე მოცულობები შემცირებული იყო, ნავთობის ფასებს რაც შეეხება, ის მცირედით შემცირებულია. ევროპაში უფრო პოზიტიური დინამიკაა - ზოგადად საფონდო ინდექსები უკვე სიგნალებს იძლევიან, რომ ევროპის ეკონომიკა შედარებით გაჯანსაღების გზას ადგას, რაც ძალიან კარგია. მაგალითად, ჩვენ ვიცით მთელი რიგი მოვლენები, რომელიც იტალიაში განვითარდა, იტალიის სახელმწიფომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამ ეტაპზე 20 მილიარდის ინვესტირებას მოახდენს იტალიურ ბანკებში რეკაპიტალიზაციის ფარგლებში და შესაძლებელია ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდოს.

საკმაოდ სწრაფად და მოკლე პერიოდში მოახდინა იტალიის ახალმა პრემიერმინისტრმა მინისტრთა კაბინეტის შეკრება, გადაწყვეტილებების მიღება და იტალიის საბანკო სექტორის გადასარჩენად პაკეტის დამტკიცება. ასე, რომ მოვლენები საკმაოდ სწრაფად და დადებითად განვითარდა, რაც რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად კარგად აისახება არა მხოლოდ იტალიის საფონდო ინდექსებზე, არამედ ზოგადად ევროპის ეკონომიკებზე. ასევე ბრიტანეთში მესამე კვარტალში მშპ 0.6%-ით გაიზარდა, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე ამას ანალიტიკოსები ელოდებოდნენ, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ Brexit-ის გრძელვადიანი ეკონომიკური შედეგები ჯერ ისევ განხილვის საგანია, სხვადასხვა აზრი არსებობს და დღემდე ბუნდოვანებაა. რეალურად ეკონომიკების გაყოფა მნიშვნელოვნად არ მოხდება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა ამ მიმართულებითაც დავინახოთ რომ ბრიტანეთისა და სხვა ეკონომიკებს შორის ურთიერთობა შედარებით გართულდეს. ბრიტანეთის ეკონომიკაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საკმაოდ გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რადგან ბრიტანეთის ექსპორტი შედარებით სუსტია, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა. გამორიცხული არაა, რომ ეს ყველაფერთან ერთად Brexit-ის ბრალიც იყოს.

- იაპონიაზე რას გვეტყვით, რომელიც თქვენი ანალიტიკის საკმაოდ საინტერესო ნაწილია..
 
- ბოლო 6 კვირაა აზიაში, განსაკუთრებით იაპონიაში, საფონდო ინდექსების მნიშვნელოვან ზემოთსვლებს ვხედავთ, რამაც საკამოდ პოზიტიური მოლოდინები გააჩინა, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში, როგორც მთელი მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე აქაც მოცულობების შემცირებები შეიმჩნევა, რაც ასევე ბუნებრივია, რადგან შობის წინა კვირაა და ძირითადი საინვესტიციო ფონდები გარკვეულწილად ისვენებდნენ. მნიშნელოვანია ისიც, რომ იენაც აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა, რაც დოლარში დენომინირებული ინვესტორებისთვის გარკვეულწილად პრობლემა იყო. მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ინდექსები იზრდებოდნენ და იენაშიც გარკვეული ზრდა ფიქსირდებოდა, დოლარი იენასთან მიმართებაში მყარდებოდა. ამჟამად იაპონიაშიც გარკვეული დასტაბილურებისკენ სვლა შეიმჩნევა.

2016 საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელობებით აღსავსე წელი იყო, ყველა ძირითადი ეკონომიკური მოვლენის შედეგი საკმაოდ მოულოდნელი იყო. აქედან გამომდინარე ბაზრებზე არასტაბილური დინამიკა დავინახეთ და ვერ ვიტყვით, რომ მთელ ბაზრებზე ერთი გამორჩეული დინამიკა იყო. მაგალითად, ამერიკაში მთელი წლის განმავლობაში ტაიმ-აუტის რეჟიმი იყო, ხოლო ბოლო 2 თვის განმავლობაში, ნოემბერ-დეკემბერში, ინდექსებმა თავიანთ მაქსიმუმს მიაღწიეს მთელი მათი არსებობის განმავლობაში, რასაც ევროპაზე ვერ ვიტყვით. ევროპაში მთელი წლის მანძილზე -1.6%-იანი დინამიკა იყო, ანუ ვარდნა დაფიქსირდა. ამავე დროს, ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ დოლარმა გამყარება გააგრძელა და ყველაფრის მიმართ სისტემურად გამყარდა. საკმაოდ არათანმიმდევრული დინამიკები გამოიკვეთა.

არ შემიძლია განვითარებად ეკონომიკებს არ შევეხო, სადაც 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღმოსავლური ბირჟები შარშან ძალიან ცუდად გაიხსნა, ბოლო 6 კვირას თუ არ გავითვალისწინებთ, მთელი წლის განმავლობაში 1.6%-იანი ზრდა იყო. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ეტაპზე საკმაოდ მოულოდნელობებით აღსავსე წელი იყო. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ბოლო 2 თვე კარგი იყო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ევროპისა და იაპონიისთვის მიმდინარე წელი განსაკუთრებული იყო.

- შეიძლება თუ არა, რომ 2016 წელი პოზიტიურად ჩაითვალოს?

- არ შეიძლება. ამას მაგალითად ისიც განაპირობებდა რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები იყო და რეალურად მთელი საინვესტიციო საზოგადოება და ეკონომისტები უყურებდნენ რა მოხდებოდა ისეთ დიდ ეკონომიკებში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა, ასევე იტალიის რეფერენდუმიც ამას დაემთხვა. საბოლოო ჯამში, მიმდინარე წელი მაინც უფრო მოლოდინების წელი იყო და 2016 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების შედეგებს უფრო 2017-2018 წლებში დავინახავთ.

- პოლიტიკური მოლოდინები მაგალითად, რაც შტატებთან მიმართებაში იყო, ანალოგიური ხომ არ არის ევროპასთან მიმართებაში მოსალოდნელი, რადგან 2017 წელი რეფერენდუმებითა და არჩევნებით არის დახუნძლული...

- 2017 წლის ევროპის მოლოდინები საკმაოდ ოპტიმისტური და პოზიტიურია. მოლოდინია, რომ ევროპის ინდექსები გაიზრდება და მიუხედავად მთელი რიგი არჩევნების და პოლიტიკური მოვლენებისა, მოლოდინები ევროპის მიმართ საკმაოდ ოპტიმისტურია. ევროპაში დიდი ხანია ეკონომიკური სტაგნაციაა, ან უკეთ რომ ვთქვათ, არა აქტიურობაა. ამ ბოლო ხანებში კი ევროპაში ეკონომიკური ინდიკატორების გამოცოცხლება შეიმჩნევა, ფასების შედარებით გააქტიურება, საეჭვო მოცულობებიც საკმაოდ გაზრდილია. ეკონომისტები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2017 წელი ევროპისთვის საფონდო ინდექსების თვალსაზრისით, შესაძლოა ერთ-ერთი საუკეთესო იყოს.

- რა დინამიკას შეიძლება ველოდოთ გლობალურ საფონდო ბირჟებთან მიმართებაში, როგორ განვითარდება აქ ყველაფერი?

- აშშ-ის საფონდო ინდექსებზე ამბობენ, რომ მათი ფასი საკმაოდ გაიზარდა და მოსალოდნელი აღარ არის, რომ ასეთი მნიშნელოვანი ზრდა კიდევ მოხდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე დონალდ ტრამპის ახალი ეკონომიკური გუნდი და ადმინისტრაცია როგორ გაამართლებს. თუ მათ ფისკალური წახალისება მოახდინეს, შეიძლება ამ ინდექსების დინამიკა შენარჩუნდეს. ზოგადად ამერიკის სტატისტიკაა ასეთი, რომ როდესაც ახალი პრეზიდენტი მოდის, უახლოესი 1 წელი საკმაოდ ზრდებით გამორჩეულია. ევროპას რაც შეეხება, აღნიშნავენ, რომ ევროპის მთავარი ინდექსი საკმაოდ გაიზრდება და ვნახოთ, ეს რამდენად გამართლდება. აშშ დოლარის გამყარება სხვადასხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში 2017 წლის მინიმუმ პირველი 2 კვარტლის განმავლობაშია მოსალოდნელი. ასევე გამორიცხული არაა, რომ სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთები გზარდოს. ასევე მოსალოდნელია, რომ ნავთობის ფასი შესაძლოა 60 აშშ დოლარამდე ივაჭერებოდეს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნავთობს 60 აშშ დოლარის გადალახვა გაუჭირდება. ოქროს რაც შეეხება, მოლოდინია, რომ იგი 1250, მაქსიმუმ 1280-იან ნიშნულზე ივაჭრებოდეს. სასაქონლო ბაზრების ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სპილენძის ფასის დინამიკა შესაძლოა შემცირდეს. იაპონიაში განსაკუთრებულ ზრდებს არ ელოდებიან და მათ შემთხვევაში უფრო დასტაბილურებას ექნება ადგილი.

ამრიგად, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნავენ, რომ ზრდები გაგრძელდება, ევროპაშიც მნიშნელოვან ზრდას ელოდებიან, იაპონიაში შედარებით დასტაბილურებას, განვითარებად ეკონომიკებში დაახლოებით 5%-6%-იან ზრდას, როგორც ეს მიმდინარე წელს იყო და სასაქონლო ბაზრებს რაც შეეხება, ამბობენ, რომ ნავთობის ფასი დაახლოებით 60 აშშ დოლარის ფარგლებში იქნება, ხოლო ოქრო - მაქსიმუმ 1280 ნიშნულის ფარგლებში.

Subscribe to our news

Get the main news of the day