ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას და ჩვენ მზად ვართ საქართველოს მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი მაშინ, როცა პრიორიტეტები შესრულდება , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიფინგზე განაცხადა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი. მისივე განცხადებით, მათ საშუალება ჰქონდათ, რომ პრესკონფერენციამდე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაკავშირებოდნენ.
„ჩვენ ჩვენს დასკვანში ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოვაგვარებთ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგებს, სურსათის უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის საკითხებს“, - დასძინა მიშელმა. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მათ საშუალება ჰქონდათ დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებსაც შეხვედროდნენ.