Home
Category
TV Live Menu

ფადი ასლი: იმედია საბანკო ანგარიშების გაყინვა ისტორიის ნაწილი გახდება

573adfe034083
BM.GE
17.05.16 13:06
1141
საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. როგორც სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმ ცვლილებებს, რომელიც ბოლო პერიოდში მთავრობამ მიიღო. ასევე როგორც ასლიმ განაცხადა ბიზნესი ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებულ საკითხსაც დააყენებს.
 
"ჩვენ ვისაუბრებთ საბანკო ანგარიშების გაყინვაზე და ბიზნესის ნდობის ინდექსის გაუმჯობესობაზე, რომელიც ISET-მა და ჩვენმა პალატამ გამოაქვეყნა და სადაც წერია რომ ბიზნესის ნდობა ამაღლდა, თუმცა ბრუნვა შემცირდა", - განაცხადა ფადი ასლიმ და აღნიშნა, რომ ბიზნესის ნდობის გაზრდა "კვირიკაშვილის ეფექტს" უკავშირდება.

"როგორც მახსოვს უკანასკნელად დავით უსუფაშვილს 2,5 წლის წინ შევხვდი, თუმცა ვმუშაობთ საპარლამენტო კომიტეტებთან. უნდა აღვნიშნო, რომ ძალზე გონივრული და დაბალანსებული პირობნებაა უსუფაშვილი.

პრემიერ-მინისტრმა დანიშვნის შემდეგ თავისებურად ნდობის მომენტი გააფართოვა. ჩვენ მასთან 3 წელი ვმუშაობდით, როდესაც ეკონომიკის მინისტრი იყო. ის ყოველთვის გახსნილი იყო და გვისმენდა. შესაბამისად მასთან კარგი ურთიერთობა და ნდობა გვაქვს.

ჩვენ ვიცით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, თუმცა ეს საკმარისი არაა, ანგარიშების გაყინვა არის უმნიშვნელოვანესი თემა რომელიც საქართველოს სახელზე გავლენას ახდენს.

დიდი პატივისცემით ვარ მრავალი მოსამართლის მიმართ განწყობილი, თუმცა სასამართლოები ზოგადად ვერ შევლენ წინააღმდეგობაში შემოსავლების სამსახურთან. 

ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საბანკო ანგარიშების გაყინვა შეწყდეს, ეს საქართველოს რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს", - განაცხადა ასლიმ. მისივე თქმით, ანგარიშების გაყინვა საერთაშორისო პრაქტიკა არაა და მას მხოლოდ რამდენიმე ევროპული ქვეყანა იყენებს, გამონაკლის შემთხვევაში. როგორც ფადი ასლიმ აღნიშნა თემაზე შეხვედრა უკვე გაიმართა მთავრობის წარმომადგენლებთან.

"ამ თემაზე მთავრობასთან ნაყოფიერი შეხვედრა გავმართეთ და მათ აღიქვეს რომ ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს, იმედია საბანკო ანგარიშების გაყინვა ისტორიის ნაწილი გახდება", - განაცხადა ფადი ასლიმ.

 

Subscribe to our news

Get the main news of the day